სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუდშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს „თრეველ ვაიბსის“ წარმომადგენელი მარიამ როჭიკაშვილი.
დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, მათ შორის ჩვენთვის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაზარია. ძალიან კარგია, რომ საშუალება გვაქვს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ჩავერთოთ ამ როუდშოუებში. ძალიან დროული იყო მსგავსი ღონისძიებები. ეს შეხსენებაა ჩვენი პარტნიორებისთვის და ტურისტული კომპანიებისთვის, რომ საქართველოს შეუძლია ახალი შესაძლებლობებით წარსდგეს მათ წინაშე“.
ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობრივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს