თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული.

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შესრულებული სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯები ამ დრომდე დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზეა ასახული.

„იუსტიციის სახლის ფინანსურ ანგარიშგებაში 82 724 871 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები ასახულია დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში არ არის მიღებული“, - წერია კლასიფიკაციის ხარვეზების ნაწილში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას.