თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი დასრულდა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ხდება ცნობილი, მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 443 750 ლარს შეადგენდა.
ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ, „ამხანაგობა ნს სტუდიო აკუკონი“-მ და „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ელდიეი სტუდიო“-მ მიიღეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან; არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.
გარდა ამისა, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია;აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია;წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.
„პროექტის დასრულების შემდეგ, ფილარმონია კვლავ გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პროფესიონალებს და ორგანიზაციებს, ჩაერთონ კონკურსში და თავიანთი გამოცდილებითა და ხედვით წვლილი შეიტანონ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში“,- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.