ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის თბილისში მდებარე 5 მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. საუბარია ჯამში 3 153 კვადრატული მეტრი ფართობის მიწებზე, რომელთა ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

მინისტრის 2026 წლის 2 ნოემბრის №1-1/407 ბრძანების მიხედვით, ექსპროპრიაცია ფონიჭალის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ ქონებას შეეხება. მუნიციპალური განვითარების ფონდს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მიენიჭა, საკუთრების ჩამორთმევის პროცედურის დასაწყებად.

ხუთი ნაკვეთიდან ყველაზე დიდი, 1 637 კვადრატული მეტრის ფართობის, რუსთავის გზატკეცილზე მდებარეობს. მასზე განთავსებულია ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო ბოქსები. დანარჩენი ნაკვეთების ფართობებია 500, 403, 380 და 233 კვადრატული მეტრი.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ფონიჭალის მონაკვეთზე არსებული გზის გამო სატრანსპორტო მოძრაობის სიჩქარე 40 კმ/სთ-ით არის შეზღუდული, რაც საცობებს წარმოშობს და პროექტის შედეგად მიღწეულ ეფექტს ამცირებს.

„თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის სრული სახით დასრულებისა და გზის მთელ სიგრძეზე ტრანსპორტის სიჩქარით მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის წესრიგში დადგა დარჩენილი 3,3 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა მდინარე მტკვრის გასწვრივ“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესაკუთრეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. ამასთან, ქონების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. თუ მხარეები საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება. კანონმდებლობა ექსპროპრიაციას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 2014 წელს დაიწყო. პროექტის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2016 წელს დასრულდა, ხოლო მეორე მონაკვეთის ნაწილი 2019 წელს საპროექტო ხარვეზებისა და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. თავდაპირველი პროექტით, გზა საცხოვრებელ ზონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უნდა გასულიყო.

2024 წელს ფონდმა ახალი საპროექტო სამუშაოები შეუკვეთა, რომელიც „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალმა მოამზადა. შეცვლილი პროექტით, გზა მტკვარს 211-მეტრიანი ხიდით გადაკვეთს, მარჯვენა სანაპიროზე გაივლის, შემდეგ კი 170-მეტრიანი ხიდით მარცხენა სანაპიროზე დაბრუნდება და უკვე აშენებულ მონაკვეთს დაუკავშირდება.

2025 წლის ოქტომბერში მონაკვეთის მშენებლობაზე 113 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა. ერთადერთი პრეტენდენტი თურქული კომპანია YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ იყო, რომელმაც 103.6 მილიონი ლარის შეთავაზება წარადგინა. თუმცა გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო კომპანია დისკვალიფიცირდა და ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.