ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში #2 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 20 ათასი ლარით დაფინანსდა.
ბაღის შენობა, რომელიც 3 ჯგუფზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად რეაბილიტირდა და აღიჭურვა.
სოფელ შილდაში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„2023 წელი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მასშტაბური და ნაყოფიერი იყო. 395 მილიონი ლარის ფონდიდან 53 მილიონი ლარის, დაახლოებით, 125 პროექტი მიმდინარეობდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. პროექტების სპექტრი ფართოა - წყალმომარაგების, გზების, ბაღებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები და ფაქტობრივად, ყველა პროექტი დასრულების ეტაპზეა,“- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებულ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე ასეული საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.