სარკინიგზო სერვისების კომპანია Skinest Group-ის მმართველი პარტნიორი ოლეგ ოსინოვსკი მიიჩნევს, რომ შუა დერეფანში გამტარუნარიანობის მთელი პრობლემა კასპიის ზღვაშია და საქართველოს, როგორც დერეფნის მონაწილე ქვეყანას, ამ საკითხზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას საქართველოში ლოგისტიკური, სარკინიგზო, მიმოსვლისა გზებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას ოსინოვსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში არსებული ტვირთნაკადის გათვალისწინებით, ქვეყანას მათი გატარება ამ ეტაპზე შეუძლია.
„შუა დერეფნის მთელი პრობლემა კასპიის ზღვაშია. საკითხი კასპიის ზღვის გამტარუნარიანობაშია - გადაზიდვები, საკმარისი რაოდენობის ვაგონები თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე. ეს პირველი ნაწილია, რომელიც ყველაფერ დანარჩენს აფერხებს.
ამიტომ საქართველოს რკინიგზა აქ პროცესზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენს. საქართველოს რკინიგზა გადაზიდავს ყველაფერს, რასაც მას მოუტანენ. რადგან გზაზე კიდევ არის აზერბაიჯანი და ეს აზერბაიჯანის ტარიფების საკითხია. ამ დერეფანში ბევრი ქვეყანაა და ამ საკითხიდან ყველას თავისი ზედმეტი მოგების მიღება უნდა. ამიტომ საქართველოს რკინიგზა ამ საკითხში ბოლოა. რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს - საჭიროა კარგი, უნარიანი, თანამედროვე პორტები. მაგალითად, თუ ააშენებენ ანაკლიას, ან თუ განავითარებენ ფოთის პორტს და ტერმინალებს - ასე შეიძლება გავლენა მოახდინო. ტვირთბრუნვაზე გავლენის მოხდენა, პრინციპში, საქართველოს რკინიგზას თითქმის არ შეუძლია“, - აღნიშნავს ოლეგ ოსინოვსკი.