სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო „შავი სიის“ წარმოების წესში ცვლილებებს ამტკიცებს. შესაბამის ბრძანებას სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ 2026 წლის 28 მაისს მოაწერა ხელი. ცვლილებები 1 ივნისიდან ამოქმედდება და უკავშირდება პარლამენტის მიერ გუშინ, დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს. ცვლილებით კომპანიები "შავ სიაში" ერთი წლის ნაცვლად ორი წლის განმავლობაში დარჩებიან.

ბრძანების მიხედვით, იცვლება როგორც „შავი სიის“ რეგისტრაციის საფუძვლები, ისე სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები. დოკუმენტი განსაზღვრავს, რა შემთხვევებში შეიძლება პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არაკეთილსინდისიერ პირად ჩაითვალოს და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდოს.

ცვლილებებით, „შავი სიის“ მექანიზმი ვრცელდება კონსოლიდირებულ ტენდერებზეც. კერძოდ, ახალი წესით, კომპანიები შესაძლოა „შავ სიაში“ მოხვდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ კონსოლიდირებულ ტენდერში ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს განაცხადებენ ან უარს სხვა ფორმით გამოხატავენ.

ასევე განისაზღვრა, რომ სააგენტოს შესაბამის გარემოებებზე წერილობით ინფორმაციას ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია მიაწვდის. სააგენტოს ექნება უფლება, დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაცია მოითხოვოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციისგან, ისე თავად პრეტენდენტისგან ან სხვა უწყებებისგან.

დოკუმენტი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც კომპანიების „შავ სიაში“ რეგისტრაციის ნაცვლად მხოლოდ გაფრთხილება გაიცემა. სააგენტოს განმარტებით, გაფრთხილების გამოყენება შესაძლებელი იქნება, თუ „შავ სიაში“ შეყვანა თანაზომიერების პრინციპს დაარღვევს. მაგალითად, როდესაც კომპანიას უკვე შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 50%, ან ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სულ მცირე 20 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან მიმწოდებელი სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და სასამართლო სააგენტოს საქმის განხილვის უფლებას დროებით შეუზღუდავს.

„შავი სიის“ ოპერირების ცვლილებები უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შეტანილ რეფორმას, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებებს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ახალი ინსტრუმენტები – ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი ინერგება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზანი შესყიდვების პროცესის მოქნილობის, გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.

რეფორმა ასევე ამკაცრებს „შავი სიის“ მექანიზმს. ცვლილებების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან.

კანონი ასევე ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორების რეგულირების ახალ წესებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების მხარდამჭერ დარეზერვებულ შესყიდვებს, ფასთა ინდექსაციის მექანიზმსა და გამარტივებული შესყიდვების გამოყენების გაფართოებას.

რეფორმის სხვადასხვა ნაწილი ეტაპობრივად ამოქმედდება. „შავ სიასთან“, ჩარჩო შეთანხმებებსა და ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ნორმების ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, ხოლო ფასთა ინდექსაციის მექანიზმი 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

bm.ge