„ამ ეტაპზე, სხვა ალტერნატივა საქართველოს გვერდის ავლით ტვირთების ევროპიდან აზიაში მოხვედრის და პირიქით, პრინციპში - არ არსებობს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვახტანგ ჭარაიამ  განაცხადა.

მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარებაში. 

„საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, თამამად თქვას, რომ ის არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი. შესაძლოა, ის არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ახორციელებს და მას უწევს, ამ კუთხით, კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია აზერბაიჯანის როლი, თუმცა, საქართველო ამ კორიდორის მთავარი მოთამაშეა. საქართველო და აზერბაიჯანი ტანდემში ერთად ახორციელებენ უზარმაზარ შრომას, რომელიც  ხშირად დაუფასებელიც არის პოლიტიკურად. არადა, ორივე ქვეყანას უწევს დიდი დროის, ენერგიისა და ფინანსების ჩადება ამ ყველაფერში. სამწუხაროა, რომ დღეს, ევროკავშირის მთელი რიგი წარმომადგენლები საქართველოს არც კი იმჩნევენ, როგორც ამ კორიდორის მთავარ მოთამაშეს და ცდილობენ, მისი როლის უგულვებელყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ და მან ურსულა ფონ დერ ლაიანის განცხადებაც შეაფასა, რომელიც შუა კორიდორის განვითარების საკითხს ეხებოდა.

„ფონ დერ ლაიანმა ახსენა ისიც, რომ ევროკავშირი მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს, რომ სომხეთის გავლით აზერბაიჯანის რკინიგზა მოხვდეს თურქეთში.  ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ცდილობს, შუა დერეფნის არსებული კორიდორის უკანა პლანზე გადაწევას და ახალი კორიდორის გაჭრას, რასაც უამრავი სირთულე ახლავს“, - განმარტა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა.

როგორც ჭარაია ვარაუდობს, ეს დამოკიდებულება დროებითი და მოკლევადიანია.

„მე მაინც მგონია, რომ ეს საკითხი მოგვარდება საქართველოს სასარგებლოდ. ამ ეტაპზე, სხვა ალტერნატივა საქართველოს გვერდის ავლით ტვირთების ევროპიდან აზიაში მოხვედრის და პირიქით, პრინციპში - არ არსებობს. იგივე, ის კორიდორიც, რომელიც შეიძლება აკავშირებდეს თურქეთს და აზერბაიჯანს სომხეთის გავლით, ოღონდ იმ პირობით, რომ სომხეთი არ იქნება არავითარი კონტროლის მომხდენი ამ კორიდორზე, არის საკმაოდ რთულად წარმოსადგენი დღევანდელ მოცემულობაში. მით უმეტეს, რომ თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყველგან ხაზს უსვამს რომ შუა კორიდორი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად არის წარმოდგენილი, მაქსიმალურად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ჭარაიამ.

მისივე შეფასებით, დღევანდელმა დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, შესაძლოა, დროებითი გავლენა იქონიოს შუა დერეფნის მუშაობაზე და ის დროებით შეაფერხოს, თუმცა, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

„ეს კორიდორი თავად ევროკავშირს ესაჭიროება. არა იმდენად ჩვენი სურვილია, რომ ეს კორიდორი გავაძლიეროთ, გავაფართოოთ, არამედ პირველ რიგში, თავად აზიისთვის და ევროკავშირისთვის არის გადამწყვეტი მისი ფუნქციონირება“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ და განმარტა, რომ თუ მათ უნდათ, რუსეთის გვერდის ავლით ჰქონდეთ ალტერნატიული ხიდი კავშირის დამყარების, სხვა ვარიანტი პრინციპში არ არსებობს.

მისივე თქმით, შუა დერეფნის განვითარებაზე მეტყველებს ის სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაც გვაქვს წლიდან წლამდე შუა დერეფანში, ტვირთბრუნვის და კონტეინერების ზრდის კუთხით.

„აქ იმდენად ეკონომიკურ ჭრილში გამოწვევას ვერ ვხედავ, რამდენადაც პოლიტიკურ ჭრილში განცხადებების დონეზე. საქართველოს ხომ ეს ყველაფერი სჭირდება იმისთვის, რომ თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი, უსაფრთხოების გარანტიები და იმიჯი შეიქმნას როგორც რეგიონის ჭრილში, ისე ევროკავშირის თვალში. ამიტომ, როცა აქ ხდება საქართველოს დამსახურებების უგულებელყოფა, ეს არის ძალიან სამწუხარო. თორემ, ის ფინანსური შემოსავალი, რაც ჩვენ ამ კორიდორიდან შეგვიძლია მივიღოთ, ჩვენ ამ შემოსავალს მაინც ვიღებთ. თუმცა, უფრო მისასამლებელი იქნებოდა, რომ ამ ღირებული პროექტის ხარჯზე, ევროკავშირს უფრო მეტად გაეძლიერებინა პროპაგანდა, რომ საქართველო როგორც უალტერნატივო პარტნიორი, ევროკავშირის სტაბილური მეგობარი, იმსახურებს რაღაც ახალს - თუნდაც, თანამშრომლობას რომელიმე სფეროში, ეს დამატებით სტიმული კარგი იქნებოდა“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მან საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა უნდა ახერხებდეს, მოაწესრიგოს ურთიერთობები ევროკავშირთან.

„შეიძლება ვიზიარებდე ცალკეულ მიმართულებებში საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემი გადმოსახედიდან, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა არის უალტერნატივო. ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ გვაქვს, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს თავისი ინტერესების დაცვით,  იმ საერთო ინტერესების დაცვაც, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ერთობლ მომავალს განაპირობებს“, - აღნიშნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა.