თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ექვსჯერ დააჯარიმა, ექვსივე ჯარიმა დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოების ვადაგადაცილებით მიმდინარეობასთან, რომელიც მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლინდა. საჯარიმო წერილის თანახმად, სამუშაოები, რომლებიც 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, 22 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო, ხოლო სამუშაოები რომლებიც 10 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, 23 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო.

კომპანიას ჯარიმები სამივე მონაკვეთთან დაკავშირებით დაეკისრა, რაც იმას ნიშნავს რომ მონიტორინგის დასკვნით გამზირის რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს. კომპანია საერთო ჯამში 8 694 ლარით დაჯარიმდა.

პირველი მონაკვეთი: რუსთაველის გამზირი (ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე) ხელშეკრულების ღირებულება: 8,708,341 ლარი. დარღვევები და ჯარიმები:

  • მიწის სამუშაოები (უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, არ დასრულებულა 22 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 741.67 ლარი (წერილი N14-01262963257).
  • ხელოვნური ნაგებობები (უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს, არ დასრულებულა 23 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 741.67 ლარი (წერილი N14-01262964131).

მეორე მონაკვეთი: რუსთაველის გამზირი (ს/ც „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე). ხელშეკრულების ღირებულება: 6,355,905 ლარი. დარღვევები და ჯარიმები:

  • მიწის სამუშაოები (უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, არ დასრულებულა 22 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 271.19 ლარი (წერილი N14-01262963335).
  • ხელოვნური ნაგებობები (უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს, არ დასრულებულა 23 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 271.19 ლარი (წერილი N14-01262964123).

მესამე მონაკვეთი: კოსტავას ქუჩა და რუსთაველის გამზირი (ჭოველიძის ქუჩიდან ს/ც „მერანამდე“). ხელშეკრულების ღირებულება: 6,673,141 ლარი. დარღვევები და ჯარიმები:

  • მიწის სამუშაოები (უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, არ დასრულებულა 22 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 334.63 ლარი (წერილი N14-01262963295).
  • ხელოვნური ნაგებობები (უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს, არ დასრულებულა 23 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 334.63 ლარი (წერილი N14-01262964126).

აქამდე კომპანია "სმარტ სოლუშენსი" 12-ჯერ იყო დაჯარიმებული, ყველა ჯარიმა დაკისრებული იყო სამუშაოების უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ახლა დაკისრებული ახალი ჯარიმები კი ეხება უშუალოდ შესრულებული სამუშაოების ვადაგადაცილებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში ერთ თვესაც აღწევს.

კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანიასთან არსებული ხელშეკრულება გადაიხედა და ის 725,669 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ამჟამად კონტრაქტის მოცულობა 20.5 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.

ვრცლად: bm.ge