დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N1-ში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ადგილზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დეველოპერთან (შპს „მეგობრობა დიდუბე“) ერთად ითხოვეს თავიანთი ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

„დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობას მეოთხე ხარისხის დაზიანების სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც იქ მცხოვრები 57 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„კორპუსის ავარიულობიდან გამომდინარე, ჩვენ გავცემთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რათა მოხდეს აღნიშნული 14-სართულიანი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები და თანაც გარემონტებულ მდგომარეობაში. შედეგად, 57 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე მიმართა თბილისში მცხოვრებ აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს, პროგრამით სარგებლობისთვის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.

„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მიიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამების განხორციელებაში. მოგვმართეთ, მზად ვართ, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისთანავე ნებისმიერი ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს