სახელმწიფო ტენდერებში საწყისი ღირებულების განსაზღვრის დროს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ არსებობს - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ანაგში” აცხადებენ.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სექტორმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ამ საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით დაპირება მიიღო, თუმცა ბიზნესისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით.
ირაკლი გოგოლიშვილის განცხადებით, შედარებით გრძელვადიან პროექტებთან მიმართებით ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა, ფასთა ინდექსაცია იყოს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბაზარზე ფასების ცვლილებების დროს დააზღვევს.
“[მთავრობის წარმომადგენლებთან] უკანასკნელ შეხვედრაზე გაჟღერდა სახელმწიფო ტენდერებში ფასწარმოქმნის საკითხიც დაისვა და ეს ნამდვილადაა პრობლემა. არსებობს გარკვეული დაპირება, რომ ძალიან მალე მოვისმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტას. კონკრეტულად რა ფორმით იქნება, ეს საკითხი წარმოდგენილი, ჩემთვის უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ [პროექტებში] თავდაპირველი ფასის განსაზღვრა გარკვეულ ნაკლოვანებებს მოიცავს, ამას ყველა მხარე აღიარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი გრძელვადიანია, რაც ნიშნავს 18 თვიდან შემდგომ პერიოდს, 18, 24, 36 თვე და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში სასტარტო ფასწარმოქმნის სწორად განსაზღვრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თუ ეს ღირებულება არ მოიცავს შესაძლო, თეორიულ გაძვირებას, რაც უკანასკნელი პრაქტიკით არსებობდა, მაშინ ვიღებთ საბაზისო იმ ღირებულებას, რომელიც უმოკლეს ვადაში უპირობოდ შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში ან თავდაპირველი ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს ასეთ შესაძლო დანახარჯებს, ან უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, მაგალითად, ინდექსის სახით, რომელიც შემსრულებელ კომპანიას ფასების ცვლის შემთხვევაში დააზღვევს.
როდესაც ინდექსაციაზე ვსაუბრობთ, მანდაც გარკვეული კლასიფიცირება უნდა მოხდეს პროექტების მიხედვით, იმიტომ, რომ გარკვეული პროექტი არ იმსახურებს ინდექსაციას, თუ ის პირობითად ექვსიდან რვა თვეში უნდა განსაზღვროს. ეს ის პერიოდია, როდესაც შემსრულებელმა უნდა განსაზღვროს საორიენტაციო ღირებულება. თუმცა, პროექტები, რომელიც 16, 18 და 20 თვეს ზემოთ არის, იქ ამის გათვალისწინება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ მანდაც გარკვეული კლასიფიცირება იქნება აუცილებელი, სად უნდა არსებობდეს [ინდექსაციის] კომპონენტი და სად არ დგას ამისი აუცილებლობა”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.