2023 წლის მარტში თბილისში უძრავი ქონების მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (42%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. მოთხოვნადი იყო ასევე 35-დან 50-მდე კვ.მ-მდე და 35 კვ.მ-ზე ნაკლები ფართის მქონე ბინები. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.
გაყიდული ბინების მხოლოდ 6% აღემატებოდა 125 კვ.მ-ს. მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი (>1,500 $/კვ.მ) და საშუალო (900–1,200 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილი მთლიან ტრანზაქციებში.
„2023 წლის მარტში, საბურთალო დაუბრუნდა პირველ ადგილს გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით. ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობამ წლიურად იკლო უბნების უმეტესობაში, თუმცა დიდუბესა (+63%) და ისანში (+37%) მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა შეინიშნება ჩუღურეთში (+46%) და კრწანისში (+44%). დადებითი ცვლილება ასევე დაფიქსირდა დიდ დიღომში (+9%), საბურთალოსა (+7%) და გლდანში (+4%). დანარჩენ უბნებში ძველი ბინების გაყიდვებმა იკლო.
მთაწმინდა და ვაკე კვლავ გამოირჩევა ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით. 2023 წლის მარტში მთაწმინდაზე კვადრატულის ფასი საშუალოდ 1,800$-ს აღემატებოდა. იმავე პერიოდში თითქმის ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების გასაყიდ ფასში. მხოლოდ ჩუღურეთის ძველი ბინების ფასების შემთხვევაში დაფიქსირდა წლიური კლება (-11%)“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების მიმოხილვაში.