თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო კიდევ ერთხელ დააჯარიმა.

ეს კომპანიისთვის აღნიშნული მიზეზით დაკისრებული უკვე მეექვსე ჯარიმაა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული, 29 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, სანქციის ოდენობამ 1 583.34 ლარი შეადგინა.

მორიგი დარღვევა 17 სექტემბერს, 06:33 საათზე ჩატარებული ინსპექტირებისას გამოვლინდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რუსთაველის გამზირის ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

მერიის ინფორმაციით, კომპანიას სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში შესრულება 28 ივლისიდან დაევალა. ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის კი „სმარტ სოლუშენსს“ ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

კომპანიის მიმართ იგივე დარღვევის გამო სანქციები უკვე 24 და 30 ივლისს, 11 და 26 აგვისტოსა და 15 სექტემბერსაც გამოიყენეს. თითოეულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1 583 ლარს შეადგენდა.

შპს „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან, 100%-იან წილს კი ლევან გოგსაძე ფლობს.

მიმდინარე წელს კომპანიამ მონაწილეობა 8 სახელმწიფო შესყიდვაში მიიღო, თუმცა, ამ დრომდე არც ერთ ტენდერში გამარჯვებული არ გამხდარა.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 19.761 მლნ ლარია, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.

გარდა ამისა, ცალკე ტენდერია გამოცხადებული გამზირის ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 7.8 მლნ ლარს აღემატება.