თბილისის ცენტრში, რიყის პარკში მდებარე „რიყის დოქების“ დემონტაჟი იწყება.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „რიყის დოქების“ მფლობელ კომპანიას დემონტაჟის შუალედური ნებართვა უკვე მიღებული აქვს.

„რიყის დოქების“ მფლობელი „რიყე დომია“, რომელიც თავდაპირველად ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. თუმცა გასული წლის გაზაფხულზე „რიყე დომის“ მესაკუთრე „მაქრო ფროფერთი“ გახდა, რომელიც „მაქრო ქონსთრაქშენის“ მფლობელობაშია. ჯგუფის მფლობელი კი თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარია.

თავის მხრივ, „რიყე დომმა“ რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა.

ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარი იყო, რომელსაც წინა მფლობელი ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი მიიღებს. ამასთან, „მაქრო ფროფერთი“ იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი „რიყის დოქების“ ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს.

ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.

მთავრობის განკარგულების თანახმად, „რიყე დომმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 2030 წლამდე უნდა უზრუნველყოს უძრავი ქონების განვითარება. საპრივატიზაციო პირობები „რიყე დომმა“ 44 000 000 ლარის ინვესტიციით უნდა განახორციელოს.

„უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, (რაც შესაძლოა მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით) შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას“, - წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული. რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. ობიექტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.