ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს.
პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] პროცედურების [სკრინინგის] ხელახლა გავლა გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს დამტკიცებული გზშ მოიცავდა პროექტის მხოლოდ პირველ ფაზას – სამშენებლო სამუშაოებს, ნავსადგურის სხვადასხვა საზღვაო-სახმელეთო ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციას.
მთლიანობაში პროექტი 9 ფაზად უნდა განხორციელდეს, ამიტომ 2-9 ფაზებისათვის, სამომავლოდ, საჭირო იქნება ცალკე გზშ-ს პროცედურები და შესაბამისი ნებართვების [გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების] მოპოვება.
რა შეცვალეს პროექტში სკრინინგის განცხადების მიხედვით:
2017 წლის გზშ-ს მიხედვით I ფაზა მოიცავდა სამშენებლო სამუშაოებს, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ახალი სკრინინგის ანგარიშის მიხედვით კი, საზღვაო სამუშაოები და სახმელეთო სამუშაოები ერთმანეთისგან გაიმიჯნა და ცვლილების პროექტი მოიცავს მხოლოდ საზღვაო სამუშაოების ნაწილს [ფსკერდაღრმავებითი, ტალღმტეხის, მისასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობა].
ამოღებული ფსკერული მასალის რაოდენობა განსაზღვრული იყო 21 მილიონი კუბური მეტრით. ცვლილების შემდეგ კი, ამ მასალის ჯამური რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 7,5 მილიონ კუბურ მეტრამდე.
ამასთან, 15 მილიონი კუბური მეტრი ამოღებული ფსკერული მასალა უნდა განთავსებულიყო ზღვაში, წყალქვეშა კანიონში, 6 მილიონი კი – სახმელეთო ტერიტორიის ამაღლებისთვის უნდა გამოეყენებინათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ჩატარდა გარკვეული სამუშაოები და ფსკერდაღრმავებისას ამოღებული მასალით საინვესტიციო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი აამაღლეს ამიტომ სახმელეთო ტერიტორიის ამაღლების საჭიროება აღარ არსებობს.
შესაბამისად, 7,5 მილიონი კუბური მეტრი ამოღებული მასალა მთლიანად განთავსდება ზღვაში, წყალქვეშა კანიონში.
ფსკერიდან ამოღებული მასალის წყალქვეშა კანიონში განსათავსებლად განხილული იყო როგორც თვითმცლელი მიწახაპიას, ასევე საფრეზი მიწახაპიას გამოყენება. დაზუსტებული მონაცემებით კი, გამოყენებული იქნება მხოლოდ თვითმცლელი მიწახაპია.
მცირედით იცვლება საზღვაო ნაწილის კონფიგურაცია; მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი იყო 123.5 ჰექტარი, დაზუსტებული მონაცემებით, ეს ფართობი შემცირდა და იქნება 113.1 ჰექტარი;
საზღვაო ინფრასტრუქტურა, ნაცვლად ადრე გათვლილი 10 000 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემებისა, გათვლილი იქნება 10 600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მიღებაზე;
ტალღმტეხის სიგრძე, რომელიც 1 500 მეტრი უნდა ყოფილიყო, შემცირდა და დაახლოებით 1 370 მეტრი იქნება;
შემცირდა მოსაბრუნებელი ადგილის [აუზის] რადიუსიც 300 მეტრიდან 271 მეტრამდე; ამასთან, მოსაბრუნებელმა ადგილმა მცირედით გადაინაცვლა ჩრდილოეთით.
სკრინინგის ახალ ანგარიშში ყველა ეს ცვლილება დეტალურადაა აღწერილი. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა 2025 წლის 17 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერს, რომ სააგენტომ კანონით დადგენილ უმოკლეს ვადაში განიხილონ სკრინინგის ახალი ანგარიში და მიიღოს გადაწყვეტილება.
„იმ პირობებში როდესაც საქართველოს არ გააჩნია დიდი გამოცდილება მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნავსადგურის განვითარების I ფაზის ფარგლებში ცალკე გაიმიჯნოს საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა. შესაბამისად, სამუშაოები უნდა შესრულდეს მოწვეული უცხოელი კომპანიების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ასეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებაზე.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების მთავარი არგუმენტია ჩასატარებელი სამუშაოების ოპტიმიზაცია. ამავე დროს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ტექნიკური [ასევე გარემოსდაცვითი] ვალდებულებები შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიებისთვის.“ – აღნიშნულია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა.
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობას ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუფორმებია. კონსორციუმი პროექტისთვის რომ შეირჩა, ამის შესახებ მთავრობამ განცხადება 2024 წლის მაისში გააკეთა.
ვრცლად: batumelebi.netgazeti.ge