მომავალი წლიდან, ყველა საქალაქთაშორისო რეისი მხოლოდ ავტოსადგურიდან უნდა შესრულდეს - ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის 2025 წლიდან ახალი მოთხოვნები ამოქმედდება.

რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მგზავრთა გადამყვანების ფუნქციონირება უნდა მოაწესრიგოს, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში დაიწყება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებების მიღება. ამ მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც ცნობილია, სერვისებზე ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, უშუალოდ ნებართვებს, მათ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 3 წლის ვადით გასცემს.

როგორც დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, ნებართვების მიზანი იქნება ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ გარდა მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისა, ფუნქციონირებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დასჭირდებათ ავტოსადგურებსაც, რომლებიც ჯამში, 3 კლასად დაიყოფა.

კანონქვემდებარე აქტების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის ავტოსადგურებისთვის ფუნქციონირების პირობებს ადგენს, ძალაში 2025 წლის 1-ელი ივნისიდან შევა.

„როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან ყველა საქალაქთაშორისო რეისი მხოლოდ ავტოსადგურიდან უნდა შესრულდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრა არის ის, რომ დიდ მანძილებზე, მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ავტობუსით მოხდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ რეფორმის გატარება დროულად არის საჭირო, რადგან დღეს, მგზავრთა გადაყვანის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეულია.

გარდა უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხისა, დარგის ექსპერტები ბიზნესის სარგებელზეც ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ ახალი თამაშის წესების ამოქმედება, სექტორში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას შეუწყობს ხელს. ვინაიდან, მათი შეფასებით, ამჟამად, ბაზარზე სრული ქაოსია და ავტოსადგურების გვერდის ავლით, მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს სისტემური ხასიათი აქვს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტექნიკურად  გაუმართავი ავტოტრანსპორტით მომსახურებაც.

“სფერო არის მთლიანად ჩრდილოვანი, როგორც შემოსავლების, ისე უსაფრთხოების ნაწილში. გაუგებარია, ხაზები როგორ ფუნქციონირებს, ვინ არის ამ ხაზის მფლობელი, ან ადამიანს დასაქმება რომ მოუნდეს, სად უნდა მივიდეს, ვის უნდა სთხოვოს, ან ეს ხაზი, თავის ფორმით რა არის, ვინ დაგეგმა... გარდა ამისა, არ ვიცით მძღოლთა რაოდენობა, არავინ იცის ავტოტრანსპორტისა და ავტოსადგურების რაოდენობა. ასევე, არც არავინ იცის მგზავრობის საფასური შესაბამისია თუ არა მგზავრის უსაფრთხოებასა და კომფორტთან“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეფორმაზე  ქვეყანაში ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ,  მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით 2023 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის პირველ მარტს შევიდა.

bp.ge