ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაწყება 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის, ხოლო მათი დასრულების შემდეგ პროცესი აზიის განვითარების ბანკთან დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელება გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონში სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას.
„საბოლოოდ, მივიღებთ ოთხზოლიან მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის მობილობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები, დაფინანსების პირობები, განხორციელების გრაფიკი და შესყიდვების პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეტალურ საინჟინრო პროექტს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო უსაფრთხოებასა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს. ADB-ის მისიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად საპროექტო ტერიტორიაც დაათვალიერეს.
ცნობისთვის, ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის ოთხზოლიან გზად მოდერნიზების პროექტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მიენიჭა.
31,3-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში 2018 წელს შევიდა, თუმცა სატრანსპორტო ნაკადის ზრდის გამო მისი გაფართოება გახდა საჭირო. მოდერნიზაციის პროექტი დაახლოებით 30,7 კილომეტრის მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებას ითვალისწინებს, ასევე ორი ახალი, 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბის, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობას.
ქობულეთის შემოვლითი გზის გაფართოების საჭიროებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უსვამს ხაზს. გამოცემა „ბათუმელების“ მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 35 ადამიანი, სულ მცირე 221 კი დაშავდა.
ახალი პროექტის მიხედვით, მოდერნიზებულ გზაზე გადაადგილების საპროექტო სიჩქარე საათში 110-120 კილომეტრი იქნება, რაც გზის გამტარუნარიანობისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.