2024 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული სასესხო შეთანხმების თანახმად, თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო.
შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა მოაწერეს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ - განხორციელების ხელშეკრულებას.
პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა იგეგმებოდა. პროექტი ნარჩენების სეპარაციასა და გადამუშავებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მიღებული მასალის რეალიზაცია.
„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 26 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 22 მილიონი ევრო, სასესხო შეთანხმების ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით მწვანე კლიმატის ფონდიდან გამოიყო.
თუმცა 2026 წლის მარტში ლილოს პოლიგონზე ქარხნის არც კვალი ჩანს და არც მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მიმდინარე სტატუსი „კომერსანტმა“ „თბილსერვის ჯგუფთან“ გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, გამოცხადებულ ტენდერში ჯერჯერობით არც ერთ კომპანიას არ გაუმარჯვია. ასევე უცნობია პროექტის დაწყების ვადები.
„ამ ეტაპზე შერჩეულია საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური სპეციფიკაციებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას საპროექტო-სამშენებლო ტენდერისთვის. შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის ვადები პროექტირების დასრულების შემდეგ დაზუსტდება. მონიტორინგსა და კონტროლს განახორციელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.