ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ზესტაფონის ქუჩის N18-თან არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ტერიტორია გასუფთავდა ქაოსური და უკანონო შემოღობვებისაგან, განხორციელდა ლითონის კონსტრუქციების და მოძველებული ბეტონის საძირკვლების დემონტაჟი.

პროექტის მიხედვით, 1 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო - გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, გაკეთდება ახალი საფეხმავლო ბილიკები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

სკვერის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 540 000 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა შალვა მაისურაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.

 ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს