ფილარმონიის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება - ამის შესახებ ირკვევა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის კვლევიდან.
უფრო კონკრეტულად, ფონდი აცხადებს ბაზრის კვლევას, ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით.
„დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) შენობის სრულყოფილი რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, და შესაბამისი საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია. რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობის თავდაპირველი არქიტექტურული სახის შენარჩუნებასა და აღდგენას.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს რესურსების ეფექტური გამოყენება და თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს საკონცერტო დარბაზის გამართულ ფუნქციონირებას; ეფექტური ფუნქციური განაწილება ისე, რომ შესაძლებელი იყოს საკონცერტო ღონისძიებების, ლექციებისა და სხვა კულტურული აქტივობების დაგეგმვა“, - ვკითხულობთ ტექნიკურ დავალებაში.
ამასთანავე, ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზი არ არის მორგებული თანამედროვე კონცეფციას და მისი აკუსტიკა შემუშავებული იყო ორკესტრული მუსიკისათვის იმ პერიოდში, როდესაც ხმამაღლამოლაპარაკე გახმოვანების სისტემები არ არსებობდა.
დოკუმენტების თანახმად, რეაბილიტაციის შემდეგ აკუსტიკამ უნდა დააკმაყოფილოს ცოცხალი, საგუნდო, საკონცერტო და ელექტრონული მუსიკის კარგად ჟღერადობისთვის საჭირო პირობები.
„ძველი კონცეფციის აკუსტიკურმა მოწყობამაც დროს ვერ გაუძლო და არასრული სახით, დაშლილ, ამორტიზებულ მდგომარეობაში შემორჩა დღეის რეალობით. დღეის მდგომარეობით დარბაზში არის არასათანადოდ ფუნქციონირებადი ოთახის აკუსტიკური მოწყობა; რაც საჭიროებს პრობლემების აღმოფხვრას და განახლებას/შეცვლას“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.
როგორც ტექნიკურ დავალებაშია აღნიშნულია, პროექტის განხორციელების შედეგად ფილარმონია დაიბრუნებს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ფუნქციას ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.
ცნობისთვის, პრეტენდენტებმა მუნიციპალური განვითარების ფონდს წინადადება 2025 წლის 4 ივლისამდე უნდა წარუდგინონ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. თუმცა 2024 წლის აგვისტოში მთავრობის განკარგულებით სამინისტროს მართვის უფლება ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
მანამდე კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა „ბლექ სი არენას“ მართვის უფლებაც და მთავრობას გადაეცა.
შედეგად მოხდა „ბლექ სი არენას“ და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციული შერწყმა, რომელსაც ამ დროისთვის შპს სთარინგ ჯორჯია ახორციელებს. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი სახელმწიფოა.