,,ვაგრძელებთ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ინსპექტირებას. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. დღეს დავათვალიერეთ რამდენიმე სკოლა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. გამოვავლინეთ გარკვეული ხარვეზები და განვსაზღვრეთ კონკრეტული ვადები მათ სწრაფად გამოსასწორებლად. ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება -ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განათლების, სპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად აგრძელებს. რეგიონში უკვე დასრულდა და მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხო, თანამედროვე და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.

,,დავათვალიერეთ ახალი პროექტები მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში, მათ შორის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯვარში ისტორიული ხიდის რეაბილიტაციის ინიციატივა, რომლის იდეაც ბატონ ნიკა ანთიძეს ეკუთვნის. სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება პროცესში და დარწმუნებული ვართ, რომ ჯვარში შეიქმნება ახალი, საინტერესო ტურისტული ატრაქცია, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ''-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში და აბაშის მუნიციპალიტეტიში დაიწყო თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა. ორივე პროექტი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს, სრულად აღჭურვილ გასახდელებსა და დამხმარე ინფრასტრუქტურას. ახალი სპორტული სივრცეები ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტიში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისისენაკილესელიძის საავტომობილო გზას 332- კილომეტრზე, მდინარე ჩხოუშიაზე ახალი, 60 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის 3-მალიანი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 6.2 მილიონ ლარს შეადგენს და იგი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანში.

რეგიონში მიმდინარე პროექტები ქმნის თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტულ გარემოს, აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების პოტენციალს.