მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაშია აღნიშნული.

საქმე ეხება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეთა კუთვნილ ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.

„ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აღნიშნულია მინისტრ ქვრივიშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

საპროექტო გეგმის მიხედვით, სამუშაოს არეალში მოექცა შემდეგი ობიექტები:

  • სახიბა აბასოვას, ტაგი აბასოვისა და ტალეხ აბასოვის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზემო სარალში მდებარე, 2 860 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1 132 კვადრატული მეტრი;
  • ნატიკ მამედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ კიროვკაში მდებარე, 1 409 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • ზიად ისმაილოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ კიროვკაში მდებარე, 1 460 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • გიზეთარ მახმუდოვას საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ სადახლოში მდებარე, 1 616 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 857 კვადრატული მეტრი;
  • რასიმ აივაზოვის საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ სადახლოში მდებარე, 7 000 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1 716 კვადრატულ მეტრი;
  • დავით დგებუაძის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ სადახლოში მდებარე, 3 580 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 8 ადამიანის საკუთრებაში არსებული ქონების ეს კონკრეტული ნაწილები ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი