მანქანის პარკირება ყველგან, როგრც ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე მის შემოგარენში სერიოზულ პრობლემად იქცა. საპარკინგე ადგილები თითქმის აღარ დარჩა. მალე ავტომობილის გაჩერების პრობლემა საცობების პრობლემას უკან მოიტოვებს და მძღოლებისთვის ნომერ პირველ თავსატეხად იქცევა. სახლში მისულ ადამიანს მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ ხვდება და ხშირად ამას კონფლიქტი და დაპირისპირება მოსდევს.
ჯერჯერობით მწვავე საკითხის გადაჭრის გზები საერთოდ არ ჩანს. დედაქალაქისთვის არც მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობაა აქტუალური. როგრც ირკვევა, მსგავსი საპარკინგე ადგილების მოწყობა ბიზნესისთვის საინტერესო არაა. სახელმწიფო კი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე არ კი ფიქრობს, რასაც თან ერთვის ის გარემოება, რომ არც შესაბამისი განაშენიანების გეგმა არ არსებობს.
პრობლემის გადაჭრას სკეპტიკურად უყურებს ურბანისტი ლარო ვარდოსანიძე. ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მან დაუფარავად აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარება თითქმის შეუძლებელია.
,,დედაქალაქისთვის პარკირების პრობლემა ის რთული საკითხია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისში 500 ათასი მანქანაა რეგისტრირებული. რამდენი საპარკინგე ადგილი უნდა აშენდეს, რომ მათი გადანაწილება მოხდეს? ამიტომაც, პრობლემის გადაჭრა ვფიქრობ, შეუძლებელია. არის საუბრები მიწისქვესა საპარკინგე ადგილებზე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ამ კუთხით, თუ რამე გაკეთდება კარგია, მაგრამ ეს საკითხს ვერ გადაჭრის, უბრალოდ, არსებული მდგომარეობას ოდნავ თუ შეამსუბუქებს.
დედაქალაქის ქუჩები უკვე მასობრივად გადაჭედილია. ყველას თბილისში უნდა ცხოვრება და რას ვიზამთ. ვფირობ, მთავარი არსი სწორედ ესაა",- ამბობს ვარდოსანიძე.
გამოსავალ დასავლური მიდგომის გადმოღებაში ხედავს ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე. ქალაქის ცენტრში ბევრი ფასიანი სადგომების მოწყობას აქვს თავისი გამართლება, რადგან როცა ადგილები ფასიანი ხდება, მოსახლეობა მეტწილად ცდილობს გადავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
,,სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდება მოსახლეობა, აუცილებლია ის განვითარდეს. ძვრები დაწყებულია, გაკეთდა ზოლები, სადაც ავტობუსები მოძრაობენ, მაგრამ ეს არაა სრულყოფილი. ის უწყვეტად უნდა იყოს ქალაქის თავიდან ბოლომდე და დედაქალაქსაც შვება მიეცემა. თავის დროზე ჩვენ ავყარეთ ტრამვაის ხაზი, თორემ ამ კუთხითაც მისი განვითარება უპრიანი იქნებოდა. მართალია ის მოუწესრიგებელი იყო, მაგრამ დატოვება კარგი იქნებოდა. ახლა არეალებიც დაკარგულია და აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ის ევროპაში ყველაზე სწრაფი და სუფთა ტრანსპორტია. არც ჩვენთან იქნებოდა ურიგო.
საპარკინგე პრობლემა რომ მოგვარდეს, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი სანდო იყოს. მგზავრი დანიშნულების ადგილამდე შეუზღუდავად უნდა მივიდეს. არ უნდა დააყოვნოს ტრანსპორტმა და მაშინ ყველა ადამინი კერძო მანქანას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებს", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
სატრანსპორტო კორიდორების განვავითარების პარალელურად, სადაც შესაძლებლობა იქნება, იქ საპარკინგე ადგილების აშენებაც აუცილებლია. ეს მშენებლებისთვის სავალდებულოც უნდა გახდეს.
,,მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულებში პარკინგები განთავსდეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა. ქართველებს ისეთი ბუნება გვაქვს, რომ თუ მცირე შემოსავლითაც კი მანქანას ვყიდულობთ. მოკლედ, მოთხოვნა დიდია. სწორედ ამიტომ, პრობლემა კომპექსურია და ერთიანად უნდა გადაწყდეს. მარტო "ბასლაინი" გამოსავალი არაა. პარალელურად კეთილმოწყობილი პარკინგების მშენებლობაც აუცილებელია.
თბილისი რელიეფიანი ქალაქია და შესაძლოა, მიწისქვეშა ან ნახევრადმიწისქვეშა ავტოსადგომების ადგილები გამოიყოს. ამისთვის ცალკე ქალაქგეგმარებითი პროექტებია შესამუშავებელი. სხვა გზა არ არის. სადაც შესაძლებლობაა დამატებითი საპარკინგე სივრცე უნდა მოეწყოს, ასევე ქუჩებში ფასიანი სადგომები გაჩნდეს. ასე თანდათან პრობლემაც გადაიჭრება", - განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ სადაც ეს პრობლემა გადაწყდა და მოგვარდა, ყველგან საჯარო ტრანსპორტის ხარჯზე მოგვარდა. ჩვენ კი არ გვაქვს ის მდგომარეობა, რომ ხალხს საკუთარი მანქანიდან საჯარო ტრანსპორტში გადაჯდომა მოვთხოვთ.
დედაქალაქში პარკირების ადგილების გაზრდა წარმოუდგენლად მიაჩნია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს დათო მესხიშვილს. საპარკინგე პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ასახელებს.
,,გამორიცხულია, რომ თბილისში პარკირების ადგილები გაიზარდოს. თუ გვინდა, რომ პრობლემა ისეთი მწვავე არ იყოს, როგრც დღესააა, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მოწესრიგდეს. მისი განვითარება იქნება ხელშემწყობი იმისა, რომ ყოველდრიურად მსუბუქი ავტომობილების მობილობა შემცირდეს. ამიტომაც კარგი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალი ზოლი დასრულდეს და შეიკრას საავტობუსო დერეფნები, სადაც მძღოლები შეფერხების გარეშე გადაადგილებას შეძლებენ.
საკმარისი საპარკინგე ადგილები ფიზიკურად ვერც შეიქმნება. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ისააა, რომ ხალხს კერძო ავტომობილის ალტერნატივა შევთავაზოთ. მაგალითად, მცირეგაბარიატიანი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს წახალისებული.
ვიცით, რომ პარკირებაზე დიდი გავლენა აქვს ურბანულ განვითარებას, რაც წლების მანძილზე ქაოსურად მიმდინარეობს. მთაწმინდის მთები რომ იჭრება და კორპუსები შენდება, აუცილებლად მოიტანს საცობს და პარკირების პრობლემას.
ნინო ჟვანიას ქუჩა ავიღოთ. იქ ტროტუარიც კი არაა და ორმხრივად მრავალსართულიანი კორპუსებია აშენებული. არც პარკირების ადგილია გამოყოფილი. ავტომობილები ქუჩაში უდგათ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს. მსგავსი მაგალითი ბევრია. ამიტომაც, აუცილებელია სწორი ურბანული განვითარება. აქ რამის შეცვლა უკვე გამორიცხულია", - განაცხადა მესხიშვილმა და დასძინა, რომ საუბარი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობაზე უპერსპექტივოა, რადგან მესხიშვილის აზრით, იგი ბიზნესისთვის მომგებიანი არაა. მისივე ტქმიტ, თუკი ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოიყოფა, ეს მისასალმებელია, თუმცა ამის გაკეთება დავით მესხიშვილს მაინც წამოუდგენლად მიაჩნია.
წყარო: რეზონანსი