საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ჰაბისთვის, გლობალური არეულობა ერთი მხრივ, მოთხოვნის ზრდას, მეორე მხრივ კი ინფრასტრუქტურულ ზეწოლას ნიშნავს - ამის შესახებ BMG-სთან Sky Log-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე საუბრობს.

მისი თქმით, „შუა დერეფნის“ დატვირთვა პიკს აღწევს, რაც გადაზიდვების ვადებსა და რიგებზე უკვე აისახება.

“ჩვენი დერეფნის როლი ისეთივე მოთხოვნადი დარჩება, სანამ რუსეთზე სანქციები არ დასრულდება. თუმცა, საქართველოს შესაძლებლობები ლიმიტირებულია - 10-ჯერ მეტს ვერ ჩამოვიტანთ. ფოთის პორტს და ტერმინალებს თავისი რესურსი აქვს და ისინი ფაქტობრივად ბოლომდეა დატვირთული” - ამბობს გიორგი ზუმბაძე BMG-სთან.

ამასთან, მისივე ვარაუდით, შესაძლოა, მსოფლიომ რუსეთის მიმართულებაზე სანქციების შერბილება დაიწყოს, თუ აზიიდან ევროპაში ტვირთების მიწოდება კრიტიკულად შეფერხდება.

„თუ ეს კრიზისი დიდხანს გაიწელა, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს გარკვეული სანქციები შეურბილონ ტრანზიტის აღსადგენად. აზიიდან სხვა გზა აღარ არსებობს. ეს გზა კი, იაფი და სწრაფია. თუ სიტუაცია წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ყველაფერი გადაეწყობა და შესაძლოა, რუსეთზე სანქციები შერბილდეს” - ამბობს გიორგი ზუმბაძე.

მისივე პროგნოზით, უახლოეს პერიოდში გადამწყვეტი იქნება ევროპული კომპანიების ქცევა - დაიწყებენ თუ არა ისინი მარაგების მასიურ შევსებას. ასეთ შემთხვევაში, ფასების დამატებითი ზრდა გარდაუვალია.

“მთავარია, რამდენ ხანს გასტანს ეს გაურკვევლობა. საქართველოზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც თავისთავად გამოიწვევს პორტებში დგომის დროის გახანგრძლივებას. ალტერნატივა ცოტაა - ზანგეზურის დერეფანიც კი კასპიის ზღვაზეა დამოკიდებული, ამიტომ კასპიის შესაძლებლობები რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად.

საზღვაო გადაზიდვებზე უკვე შეინიშნება სადღაც 10-15 პროცენტიანი ზრდა. ჯერჯერობით კრიტიკული ნახტომები არ არის, რადგან ბოლო პერიოდში ზოგადად დაბალი მოთხოვნა იყო ლოგისტიკაში არსებული კრიზისის გამო. თუმცა, ეს ზრდა გაგრძელდება” - ამბობს გიორგი ზუმბაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, ლოგისტიკური სექტორი მობილიზებულია და საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის „სასარგებლო ფაქტორები“, რაც მის გეოგრაფიულ მდებარეობას ახლავს.

bm.ge