ნასაგურისა და დიდი ლილოს დასახლებების მოსახლეობა ლილოს ნაგავსაყრელით გამოწვეულ პრობლემებზე და დაბინძურებულ გარემოზე საუბრობს. ადგილობრივები აღნიშნული ნაგავსაყრელის გაუქმებას და სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ქრისტინე გაბისონიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ თბილისის ყველა მცხოვრებისთვის მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს.


“ლილოს ნაგავსაყრელზე გროვდება დიდი რაოდენობით მეთანი, რომელიც არის ფეთქებადსაშიში ნივთიერება. ზუსტად ასეთი ღია ნაგავსაყრელი აფეთქდა თურქეთში 2010 წელს, რასაც ხალხის სიცოცხლე შეეწირა. შესაბამისად, აფეთქების საფრთხე არის ძალიან დიდი.


გარდა ამისა, იწამლება ჰაერი, ასევე იწამლება წყალი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინება და მთელს თბილისს მიეწოდება სასმელ წყლად. კიდევ ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ამ ნაგავსაყრელზე იკვებებიან დიდი ზომის ფრინველები.  ნაგავსაყრელიდან სულ რაღაც 5 კილომეტრში კი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ეს დაშორება არის ძალიან საშიში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დაშორება ნაგავსაყრელსა და აეროპორტს შორის უნდა იყოს მინიმუმ 13 კილომეტრი, აქ კი მხოლოდ 5 კილომეტრია. შესაბამისად, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ამ ნაგავსაყრელიდან გაფრენილი ფრინველები თვითმფრინავს ტურბინაში უვარდებიან და აზიანებენ მას, რის გამოც ხდება ფრენების გადადება“. - აცხადებს ქრისტინე გაბისონია.