„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით დეპარტამენტი 17 ივნისს წერდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა. სწორედ ამ მონაკვეთის გახსნით ავტობანზე მოძრაობა ჯაპანადან სუფსამდე მონაკვეთში უწყვეტად იქნება შესაძლებელი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზისმშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] მიმდინარეობდა. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

ლესა-ხაჯალიას მონაკვეთის გახსნის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დარჩება გაუხსნელი 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთი [სამტრედიიდან ჯაპანამდე]. ეს მონაკვეთი გადადის მდინარე რიონზე, სადაც ხიდი ჩაინგრა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული ხიდის დასრულება დაგეგმილია 2027 წელს.

შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილ 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მომავალ, 2027 წელს [წლის პირველ ნახევარში] არის დაგეგმილი.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი. სამტრედია-ჯაპანას მონაკვეთი გაიხსნება 2027 წელს [აღნიშნულია წითელი ფერით. ლურჯი წერტილით კი მონიშნულია ჩანგრეული ხიდი რიონზე] / ჯაპანა-ლესა – გახსნილია / ლესა-ხაჯალია – უნდა გაიხსნას უახლოეს პერიოდში [მონიშნულია ყვითელი ფერით] / ხაჯალია-გრიგოლეთი[სუფსა] – გახსნილია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიმდინარე, 2026 წელს არის დაგეგმილი ასევე გრიგოლეთი-ქობულეთისდარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაც. ეს მშენებარე მონაკვეთი გრიგოლეთთანაა და მდინარე სუფსას კვეთს.