სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე „ხობი 2 ჰესი" ოფიციალურად გაიხსნა.
კომპანია „ფერიმ“ „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. სადგურის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ელექტრო ენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კვტ სთ. ჰიდროელექტროსადგურის პირველი ფაზისთვის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შეფასებით, ხობი 2 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ჰესებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ხობი2-ის ზემოთ ასევე "ხობი1"-ის მშენებლობაც იგეგმება, რომელიც დაახლოებით იგივე პარამეტრებით იქნება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მშენებლობის ხარისხიც და აგრეგატებიც ძალიან კარგია. საბურღი მანქანით მოხდა თითქმის 6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა. ბოლო წლებში ეს 64-ე ჰესია, რაც ძალიან სასიხარულოა. იმედია მომავალში კიდევ უფრო დიდ ჰესებს ავაშენებთ.
1300 მეგავატი- ეს უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ხობის ჰესი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჰესსთან დაკავშირებით გაფორმებულია შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ხელშეკრულებები სრულდება, ეს ინვესტორებისთვის ადგილობრივი თუ უცხოელი, გარანტიას იძლევა, რომ ინვესტიციები დაუბრუნდება. ამ დროისთვის დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა დახარჯული“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ.
მირცხულავამ „კომერსანტთან“ საუბარში ელექტროენერგიის იმპორტიც შეაფასა.
კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 9 თვეში ექსპორტის მოცულობა წლიურად 28.8%-ით შემცირდა 1.0 ტვტ.სთ-მდე, ხოლო ღირებულებაში 49.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9 თვეში 48.8%-ით შემცირებაა. მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ თურქეთი დარჩა, ექსპორტის 82.8%-იანი წილით. ცნობისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტმა 95.7 მლნ აშშ დოლარის 1.46 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტის საშუალო ფასს, წელს იგი 28.1%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის თქმით, ეს თურქეთის მიერ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული.
„ბოლო წლებია, თურქეთში მოხმარება მცირდება და ამ შემცირებას ბუნებრივია, იმპორტის შემცირება მოჰყვება. ფასების დინამიკასაც თუ შევხედავთ, ამ ბაზარმა მნიშვნელობა დაკარგა. ზაფხულში მიწოდება იყო, თუმცა ფასები მაინც შედარებით ნაკლები იყო, ტურისტულ სეზონზეც კი ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა“,- აღნიშნა მირცხულავამ.
ცნობისთვის, შარშან საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია სწორედ თურქეთში გაყიდა($40.1 მლნ 864.9 მილიარდი კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგია).