კახეთის რეგიონში რამდენიმე მოქალაქეს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იძულებით ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონში დაგეგმილია 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის იყალთოს ქვესადგურ „ახალ თელავში“ შეჭრის პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში, უნდა აშენდეს ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის ძირითადი მიზანია ქვესადგურ „ახალი თელავში“ თავმოყრილი სიმძლავრის ქსელში გამოტანა, ასევე, კახეთში არსებული 110 კვ-იანი ქსელის საიმედოობის გაზრდა. როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს და საშუალებას მისცემს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე.
დოკუმენტში წერია, რომ გამომდინარე აქედან, პროექტი უნდა ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე.
შესაბამისად, ზემოქმედების არეალში მოექცა და ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) ექვემდებარება სოფელ ყარაჯალაში მდებარე დურსუნ სამათოვის, ვალერიანი დურსუნ ოღლის, რაული სამათოვის, რაჰილა სამათოვის და ფათმა მახაროვას თანასაკუთრებაში არსებული 6939 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 86 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამასთან, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.