ენგურჰესი საქართველოს ენერგოსისტემის საკვანძო ობიექტია, შესაბამისად, მისი აგრეგატების მიერ სიხშირისა და ძაბვის არასწორმა რეგულირებამ, შესაძლოა, მთელ ქსელში გამოიწვიოს რყევები, რაც, სავარაუდოდ, ივლისის ავარიების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი გახდა. ამის შესახებ 25 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით, სემეკის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა თორნიკე აფრიაშვილმა კომისის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სემეკის სამუშაო ჯგუფის მიერ ენგურჰესის ჰიდროაგრეგატების ოსცილოგრამების შესწავლისას გამოიკვეთა ძაბვის ავტომატური რეგულირების ხარვეზი - 24 და 25 ივლისს ენგურჰესის ქვესადგურში, მაღალი ძაბვის სალტეზე, ძაბვის გადახრები დაფიქსირდა. ამასთან, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) მიერ მიწოდებული წერილის მიხედვით, ჯერ კიდევ 2026 წლის 4 ივლისს, როდესაც ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში მუშაობდა, ენგურჰესის მე-2 და მე-5 აგრეგატები ძაბვას არეგულირებდნენ, ხოლო 1-ელი, მე-3 და მე-4 აგრეგატები მათ საპირისპიროდ მოქმედებდნენ. სემეკის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ზომები გაატარეს სსე-მ და ენგურჰესმა 4 ივლისს გამოვლენილი ამ სერიოზული ხარვეზის შემდეგ.

სემეკი სსე-ს დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს. თორნიკე აფრიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სსე-მ 2025 წლის 2 მაისს ენგურჰესის აგრეგატების გამართული მუშაობა, მარეგულირებელმა კომისიამ სსე-სგან დღემდე ვერ მიიღო ძაბვის ავტომატური რეგულირების შემოწმების მეთოდოლოგია.

„სტანდარტული მეთოდოლოგიის არარსებობა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ენგურჰესის აგრეგატებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს. უცნობია, რამდენად გამართულად მუშაობს აგრეგატები ქსელის გარდამავალ რეჟიმებში“, - განაცხადა აფრიაშვილმა.

სემეკის წარმომადგენლის განმარტებით, ქსელის წესების თანახმად, სსე-ს, როგორც დისპეჩერიზაციის ლიცენზიატს, სრული უფლება ჰქონდა და ეჭვის საფუძველიც არსებობდა, რომ ენგურჰესის აგრეგატების დაუყოვნებლივი ტესტირება მოეთხოვა.

„მიგვაჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული მიზეზი, რის გამოც სსე-ს დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვა ენგურჰესის აგრეგატების ტესტირება. სისტემის საიმედოობიდან გამომდინარე, მათ უნდა შეეფასებინათ მდგომარეობა და გაეტარებინათ მყისიერი ღონისძიებები“, - აღნიშნა აფრიაშვილმა.

ახლო დღეებში სსე და ენგურჰესი ერთობლივად გეგმავენ აგრეგატების ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემის ადგილზე შემოწმებას, ტესტირებასა და შესაბამისი რეჟიმების გატარებას.

პარალელურად, სემეკის სამუშაო ჯგუფი განაგრძობს ენგურჰესიდან და სხვა ელექტროსადგურებიდან მიღებული მონაცემების - ძაბვის, სიხშირის, აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის მრუდების სიღრმისეულ შესწავლას. კომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არის მხოლოდ პირველადი შეფასება და საბოლოო დასკვნა მოკვლევის სრულად დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

bm.ge