ირანის ომმა ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა ფაქტობრივად მოსპო. ირანში არსებული მდგომარეობა თუ არ გამოსწორდება ან დღევანდელი ხელისუფლება დარჩება, არც ზანგეზურის პროექტს ექნება მომავალი. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქვს პროექტს მომავალი, რადგან ამ ცვლილებამ რეგიონში ვითარება უფრო მეტადაც შეიძლება დაძაბოს. 

რაც არ უნდა იყოს,  ე.წ. ტრამპის მარშრუტს ირანი აღარ დაუშვებს. აქამდეც, ასე ვთქვათ, ,,მყიფე მშვიდობის" პირობებში, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ნაკლებად სავარაუდო იყო. ახლა მით უმეტეს. როგორც ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, საომარ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ზანგეზურის დერეფნის განვითარება არანაირად არ აწყობს და არც დაუშვებს.

„პროექტი თავიდანვე უპერსპექტივო ჩანდა, როგორც წესი, არის განზრახვის ლოგიკა და მეორე მხრივ, მოქმედების ლოგიკა. შეიძლება, ბევრს ჰქონდეს სურვილი, მაგრამ ირანისთვის რამდენად მისაღები იქნებოდა თავის საზღვრიდან რამდენიმე მეტრში  ამერიკული გავლენის მქონე ასეთი მაგისტრალის ამოქმედება? მე ეს ძნელად წარმოსადგენია.  სომხეთ-აზერბაიჯან-ირანს შორის რაღაც  შეთანხმება გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამერიკის მონაწილეობით მსგავსი შეთანხმება ირანისთვის მიუღებელია.

28 თებერვლიდან უკვე, რა ესკალაციაც მოხდა რეგიონში, ამან პროექტი, ფაქტობრივად, დაასამარა. ეს არ არის მხოლოდ ირანისა და აშშ-ს დაპირისპირება,  ძალიან დიდი ძალების კონფლიქტია. თავიდანვე არ მჯეროდა ზანგეზურის პროექტის, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმაც ეს ნამდვილად დაადასტურა.

ლოგისტიკას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობიანი პერსპეტივა, რაც ძალთა ამ განლაგებაში და ამ რეგიონში შეუძლებელია, ამერიკა-ისრაელისა  და ირანის ინტერესები ერთმანეთთან სრულ წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, ირანი ვერ დაუშვებს ზანგეზურის დერეფნის ამუშავებას, როცა ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის - ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშეა და ამ დათმობაზე არ წავა. თუ დავუშვებთ, რომ  ხელისუფლება შეიცვალა ირანში, მაშინ რომელი მთავრობა მოვა ქვეყნის სათავეში? სახელმწიფოებრიობა ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რეგიონი კიდევ უფრო კონფლიქტური გახდება, ვიდრე აქამდე იყო. ეს ნიშნავს, რომ ზანგეზურის პროექტის პერსპეტივა მოკვდა“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.

ეკონომისტმა ასევე აღნიშნა,  რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ტვირთები შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კიდეც, რითაც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აინაცვლებს, რასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ფაქტობრივად არც არის.

ვრცლად: www.resonancedaily.com