საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესი შეცვალა. ახალი რეგულაცია სამშენებლო მასალებსა და სამუშაოებზე ფასების ზრდით გამოწვეული ფინანსური წნეხის შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა კომპანიებისთვის ინდექსაციის მოთხოვნის მკაცრ ვადებსა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სანქციებს აწესებს.
ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდა.
ახალი წესის მიხედვით, ინდექსაციის მოთხოვნა მიმწოდებელი კომპანიის ავტომატურ ვალდებულებას აღარ წარმოადგენს და მას ამის გამოყენების უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია. ამასთან, კომპანიამ შესაბამისი მოთხოვნით შემსყიდველს სამუშაოების დასრულების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე უნდა მიმართოს. ვადის გადაცილების შემთხვევაში ინდექსაციის მოთხოვნის უფლება უქმდება და განაცხადი აღარ განიხილება.
ცვლილებით ასევე შეიცვალა ინდექსაციის დასადასტურებლად საჭირო პროცედურები. საგზაო პროექტების ფარგლებში საწვავის, მათ შორის დიზელის, ხვედრითი წილის განსაზღვრაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღარ მონაწილეობს. შესაბამისი დასკვნების გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) რჩება.
კომპანიას საქსტატის მიერ გაცემული დასკვნების შემსყიდველისთვის წარდგენა შეუძლია ყოველთვიურად ან სამუშაოების დასრულებამდე მისთვის სასურველ სხვა პერიოდში.
ამასთან, თუ მიმწოდებელი ინდექსაციის მოთხოვნას იყენებს, სამუშაოების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში იგი ვალდებულია შემსყიდველს შესაბამისი საქსტატის დასკვნები წარუდგინოს.
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ეძლევა სრულად აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. თუ ხელშეკრულებით საბანკო გარანტია გათვალისწინებული არ არის, შემსყიდველს შეუძლია კომპანიას პირგასამტეხლო დააკისროს ან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს.
ცალკე წესები განისაზღვრა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც. გარდამავალი დროებითი წესით სარგებლობისთვის კომპანიებისთვის განაცხადის წარდგენის ვადა 60-დან 150 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. ახალი ტენდერების შემთხვევაში კი შესაბამისი ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღით განისაზღვრა. დადგენილი ვადის დარღვევისას კომპანია დროებითი წესით გათვალისწინებულ შეღავათებს ვეღარ გამოიყენებს.
დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ცვლილება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, თუმცა მისი მოქმედება 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდა.
რაც შეეხება ფასთა ინდექსაციის სტანდარტულ წესს, ის სრულად იმ ტენდერებზე გავრცელდება, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდება.