,,დღეს კახეთის ორ მუნიციპალიტეტში -დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში -ვიმყოფებოდით. დავათვალიერეთ დედოფლისწყაროს წყალმომარაგების სათავე ნაგებობა. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება კვლავაც გამოწვევად რჩება, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ახალი გამწმენდი სისტემის მონტაჟი, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოგვცემს შესაძლებლობას, მოსახლეობას სტაბილურად მივაწოდოთ ხარისხიანი წყალი. ასევე, გავეცანით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე - სპორტული და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზე. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უკვე წელსვე ვგეგმავთ''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში პროექტების მონიტორინგისას განაცხადა.
მინისტრი კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
დედოფლისწყაროში მიმდინარეობს დალის სათავე ნაგებობის მოდერნიზაცია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე უკუოსმოსის სისტემას აშენებს. პროექტი ითვალისწინებს სრული გაწმენდის ციკლის მქონე წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რომლის წარმადობა საათში დაახლოებით 300 კუბური მეტრი იქნება. ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასმელი წყლის ხარისხს და უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და უწყვეტ წყალმომარაგებას, როგორც დედოფლისწყაროს, ისე ხორნაბუჯისა და სამრეკლოს მოსახლეობისთვის. 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.
ქალაქში ასევე მიმდინარეობს №1 საჯარო სკოლის მშენებლობა. 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტითა და სპორტული სივრცეებით. პროექტის ღირებულება 15.9 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ ასეთ ობიექტს აშენებს.
სოფელ სამრეკლოში აშენდება 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი, რომლის დაფინანსება 1.8 მილიონ ლარს შეადგენს.
დასრულებულ და დაგეგმილ პროექტებს მინისტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც გაეცნო. სოფელ მსხალგორში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა.
სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა — მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.3 მილიონ ლარს შეადგენს.
ლაგოდეხში ასევე იგეგმება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აუზებით, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზებით, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებით. სოფელ ჭაბუკიანში აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით.
რეგიონებში თანამედროვე განათლების, სპორტისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროექტების მონიტორინგი აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელევს