„ინდექსაციასთან დაკავშირებული ცვლილებები და ახალი ფასების ფორმირების მექანიზმები ბიზნესისთვის გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის და რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის ხშირად ისმენს კრიტიკას, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერებული მოთხოვნები ბიზნესს რთულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა მისი შეფასებით, მიმდინარე რეფორმები სექტორის გაჯანსაღებას ემსახურება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია 14%-იანი ზედნადები ხარჯის განსაზღვრა, რომელიც მინიმალურ ნიშნულზეა დაფუძნებული და სამუშაოების მიხედვით ცვალებადია.

მინისტრის შეფასებით, ფასების ფორმირების ახალი სისტემა მანკიერ პრაქტიკებს ანაცვლებს და უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო შესყიდვები საბაზრო რეალობას დაეფუძნოს.

მისივე თქმით, ახალი პრეისკურანტი საბაზრო ფასებს ეყრდნობა, ხოლო ტენდერებში კონკურენცია განსაზღვრავს საბოლოო ღირებულებას, თუმცა ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან უცვლელი რჩება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს სისტემაში, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩათვლით დაახლოებით 9.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდება, საიდანაც უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტი უკვე გამოცხადებულია.

მისივე თქმით, პროექტები მოიცავს სკოლების, ბაღების, გზების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მიმართულებებს და ისინი ახალი წესებით განხორციელდება, ხოლო უწყება ყოველდღიურად იქნება ჩართული, რადგან სწორედ ეს პროცესები წაიყვანს ქვეყანას წინ.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.