E60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის კიდევ ერთი მონაკვეთის, სამტრედია-თეკლათის გზის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სამტრედია-თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთის ჯამური სიგრძე 33.3 კმ-ს შეადგენს.

„ამ ეტაპზე მონაკვეთისთვის მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, დეტალური პროექტი ჯერ არ შემუშავებულა“, - განუმარტეს „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში.

გარდა აღნიშნულისა, დაგეგმილია E-60-ის მაგისტრალის შემდეგი მონაკვეთების მშენებლობა: თბილისის შემოვლითი გზა (დაყოფილია 4 ლოტად - წიწამური-ავჭალა (Lot 2), ავჭალა-თბილისის აეროპორტი (Lot 3), თბილისის აეროპორტი-ლოჭინი (Lot 4) და ლოჭინი-რუსთავი (Lot 5)), რუსთავი-ალგეთი (ლოტი 1), ალგეთი-წითელი ხიდი (ლოტი 2) და სამტრედია-თეკლათი, რომელთა საერთო სიგრძე 114.3 კმ-ია,“ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, E-60 (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის 369 კმ-იანი მონაკვეთიდან საავტომობილო გზის მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი ეხება 340 კმ-ს, საიდანაც 215.15 კმ-ზე მოძრაობა უკვე გახსნილია. ასევე, აღსანიშნავია რომ მოძრაობა გახსნილია ჩუმათელეთი-ხევის (F-1) დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის ორ ზოლზე (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებაზე).

წყარო: ბიზნესპრესნიუსი