სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური გზების გასწვრივ არსებულ დასახლებულ პუნქტებზე. მისი თქმით, მათ  განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ.

„მაგისტრალური გზები ხშირად გვერდს უვლიან დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი რეგიონული განვითარების მიღმა დარჩნენ. ასეთი დასახლებები აღარ უნდა დარჩნენ მხოლოდ გზის გასწვრივ არსებულ გეოგრაფიულ ნიშნულებად — ისინი უნდა იქცნენ დანიშნულების ადგილებად. საჭიროა ვიფიქროთ მათთვის ახალი ფუნქციის მინიჭებაზე და განვითარებაზე“ — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მაგისტრალური გზები მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არის — ისინი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და რეგიონული გაძლიერების, საერთაშორისო როლის ზრდისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების სტრატეგიული ინსტრუმენტია.

მისი განცხადებით, თანამედროვე მაგისტრალების მშენებლობას პირდაპირი სარგებელი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის: მცირდება ტვირთების გადაადგილებისა და მგზავრობის დრო და ხარჯები; იზრდება ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობა; ძლიერდება კავშირი საზღვაო პორტებსა და სასაზღვრო პუნქტებთან; მყარდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლი რეგიონული ვაჭრობისა და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებით, უმჯობესდება მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი. 

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს