2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ვიზიტების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროპიდან ვიზიტების რაოდენობა 23.4%-ით გაიზარდა, ჩინეთიდან — 16.7%-ით, ხოლო ცენტრალური აზიიდან — 3.1%-ით.
„წლევანდელ წელს იყო უამრავი გამოწვევა, რაც არსებითად იყო განპირობებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით. მათ შორის, ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდან ვიზიტების ზრდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება“, -განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ ასევე ისაუბრა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიმდინარე პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში სახელმწიფოს მხრიდან 31 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა და ჯამში 6 კილომეტრის სიგრძის ახალი სასრიალო ტრასები მოეწყობა.
პრემიერის განცხადებით, განხორციელებული პროექტების შედეგად გუდაურის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 86 კილომეტრს მიაღწევს, ახალი ტრასა კი ღამის განათებით აღიჭურვება.