აღმოსავლეთ-დასავლეთის E70 საერთაშორისო მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 კილომეტრზე უკვე გახსნილია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი 14 კილომეტრის სიგრძის, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელისა და 4 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე მოეწყობა წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.

პროექტის დასრულების შემდეგ გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს ქობულეთის შემოვლით გზასთან დააკავშირებს, რის შედეგადაც გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი ჩქაროსნული ავტომაგისტრალით გადაადგილდება.