საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი დამტკიცდა, სადაც გარკვევით წერია, რომ ეს წესი არ მოქმედებს თბილისის მუნიციპალიტეტზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკულტო ნაგებობებზე. ამ დადგენილების გამო, ექსპერტთა აზრი ორად გაიყო: ნაწილი თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით დაშტამპულ შენობებს და ერთნაირ ფასადებს მივიღებთ, ისეთსავე უსახურს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მეორე ნაწილი კი - აცხადებს, რომ მთავრობამ დააგვიანა კიდეც ამ დადგენილების მიღება, რადგან აუცილებელია შენობის ფასადები გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებდეს.  

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესით განსაზღვრულია ფასადის, სახურავის, ღობის, ფერების პალიტრის, ლანდშაფტის ინტეგრაციის, ქუჩების ესთეტიკის, ვიზუალური იერარქიის, დასახლების ხედის (ურბანული სილუეტის), მხატვრული დეტალების, ურბანული დიზაინისა და სხვა ელემენტების ურთიერთშესაბამისობა. ეს წესები 2026 წლის 1-ელ ივლისამდე სარეკომენდაციო ხასიათისაა, 1 ივლისიდან კი სავალდებულო იქნება.

„მწვანე ინვესტიციების“ დამფუძნებელი გივი კორინთელი აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს მშენებლობის ხარჯვით ნაწილზე, თუ არ განისაზღვრა სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვებიც.

„თუ ესთეტიკაზეა საუბარი, უფრო მეტი ყურადღება მიექცევა არქიტექტურას. კიდევ დამატებით თუ არ იქნა რაიმე განსაზღვრული, არ მგონია, დანახარჯები ძალიან გაიზარდოს. მცირედი სხვაობა შეიძლება მოგვცეს. არქიტექტურა მთლიანი სამშენებლო ხარჯის 1%-იც კი არ გამოდის და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

თუ საუბარია, გარედან როგორ გამოჩნდება ნაგებობა, ამის მიღწევა შესაძლებელია, როგორც ხარისხიანი საღებავით, ასევე რაღაც სხვა მასალითაც, მაგრამ შესაძლებელია, კონკრეტულ მასალებზე გაკეთდეს აქცენტი. მაგალითად, ყველას უთხრან, რომ უნდა გადავხუროთ შიფერით. ეს არ არის სწორი, ჩემი პირადი მოსაზრებით. თუ ესთეტიკაზეა საუბარი, საბოლოო ჯამში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო სახლი იქნება ეს თუ კორპუსი, მეპატრონე არის მისი ავტორი.

შეიძლება უბრალოდ ბიუროკრატია გაიზარდოს. მაგალითად, მუნიციპალიტეტებში „არ მოეწონოთ“ თქვენი პროექტი, თუმცა კონკრეტულად რა არ მოსწონთ, არ იყოს დადგენილი. ვიღაცის გემოვნებაზე იყოს შეიძლება ეს ყველაფერი დამოკიდებული და მის სურვილზე რაღაცის შეცვლის, ვგულისხმობ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ეს სირთულეა და რაღაცნაირად უნდა დალაგდეს, რა ითვლება ესთეტიკურად და რა არ ითვლება. ვიღაცისთვის რაღაც ესთეტიკურია, ვიღაცისთვის - არა. სწორედ ეს გაზრდის ბიუროკრატიას, გაიწელება დამტკიცების პროცესი. სანამ დამკვეთი გაიგებს, რას აკეთებს არასწორად.

პირველ რიგში, გაიწელება არქიტექტურული პროექტის დამტკიცების პროცესი და მეორე, მშენებლობის დამთავრებისას ექსპლუატაციაში მიღების ეტაპიც. ამ დროს არქიტექტურული პროექტის რეალობისთვის დეტალურ შედარებასთან გვექნება საქმე“, - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" გივი კორინთელმა.

ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს ურბანისტი მამუკა სალუქვაძე, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მთავრობის დადგენილება დროული და მისასალმებელია. მეტიც, გადაწყვეტილება უფრო ადრე იყო მისაღები:

„თუ შენობა-ნაგებობების ფასადები რაღაც სტანდარტებში ჩაჯდება და ქალაქებს გარკვეული სახე მიეცემა, ამაში ცუდი არაფერია. უცხო ქვეყნების მაგალითებით რომ ავხსნათ, იქ ქალაქის ფასადი კი არა, უბრალოდ, მეზობელმა რომ სხვა ფერის ტენტი დააყენოს, შესაძლოა, მერიამ დააჯარიმოს და მიუთითოს, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ევროპის ქალაქები ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი დიდი მინუსი იყო ის, რომ ვისაც როგორ მოეწონებოდა, ისეთ ფერებში ღებავდა ფასადებს ან რა მასალითაც მოუნდებოდა, იმ მასალისგან აკეთებდა. ახლა, როდესაც გარკვეული სტანდარტი შემუშავდება, ბუნებრივია, მშენებლები და დეველოპერები ამ ახალ სქემაზე გადაეწყობიან“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს მთავრობის ეს დადგენილება მშენებლობის გაძვირებას, მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ არ გამოიწვევს. მისი აზრით, მშენებლებსა და დეველოპერებს, ასევე კერძო მესაკუთრეებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რომ ერთი სტილი დაიცვან. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს და ფერებს, სხვადასხვა ალტერნატივა იქნება, თუმცა გარკვეული ტონალობა და ესთეტიკა ჩამოყალიბდება ქალაქებში და მამუკა სალუქვაძე ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

იგივე პოზიცია აქვს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს ნუკრი სანიკიძეს, რომელიც „რეზონანსთან“ საუბარს ძველი ამბის გახსენებით იწყებს, როდესაც ქალაქის მთავარი არქიტექტორი ილო ყავლაშვილი იყო.

„იმ პერიოდში, აუცილებელი იყო სტანდარტების დაცვა - ფასადის გადაკეთება-გადმოკეთება აკრძალული გახლდათ. ბატონმა ილომ მისივე დაპროექტებული ბინა მიიღო, მისი მეზობელი იყო ქურთი ქალბატონი, რომელიც გარეთ სარეცხს ფენდა. ყავლაშვილმა აუხსნა, რომ ეს ახალი ტიპის ბინაა და სარეცხის გასაშრობად, აბაზანაშია მოწყობილი საშრობი, შეგიძლიათ, იქ გააშროთ, აქ რომ ფენთ, ფასადი მახინჯდებაო. იმ ქალმა უპასუხა, შენ რომ გამოდიხარ გარეთ, ფასადი არ მახინჯდებაო? ეს ამბავი ანეკდოტივით გავრცელდა მშენებლობის სამინისტროში და იმიტომ გავიხსენე, რომ გარკვეული სტანდარტები უნდა არსებობდეს და მშენებლები ამ სტანდარტებს იცავდნენ.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ადრე ქალაქს მთავარი არქიტექტორი ჰყავდა და მას ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა. ახლა კოლექტიური არქიტექტურაა, რომელიც ჯერ ხალხის რეაქციას შეამოწმებს 1-ელ ივლისამდე და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ეს წესი სავალდებულო“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნუკრი სანიკიძემ. 

რაც შეეხება მშენებლობის გაძვირებას, ნუკრი სანიკიძე ამბობს, რომ ეს უმნიშვნელო ხარჯია, რომელიც ბინას არ გააძვირებს. გადაწყვეტილება კი მიღებულია იმიტომ, რომ დაცული იყოს, როგორც შენობა-ნაგებობის ფასადები, ასევე ქალაქების იერსახე.

წყარო: რეზონანსი