ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშება-დადგენის დროს, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის გათვალისწინებული არ იქნება.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, „კომერსანტთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ წლებია, ვერც ენგურჰესი და ვერც „ვარდნილი“ აფხაზეთში მოხმარებული ენერგიიდან ვერანაირ შემოსავალს ვერ იღებს, მაშინ, როცა ოკუპირებული რეგიონის მოხმარება, ჰესების მიერ გენერირებული ენერგიის ნახევარია.
ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი ენერგიის აფხაზეთზე უსასყიდლო მიწოდება კომპანიისათვის მხოლოდ მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს, რაც თუ ელექტროსადგურის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა „ენგურჰესს“ ძვირად დაუჯდეს.
ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად ტარდება, ამიტომაც, მირცხულავას შეფასებით, ახალ სატარიფო სისტემაში ეს დანახარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს, ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის დაფინანსებული. რეაბილიტაცია დაახლოებით, 20 წელია გრძელდება. ბუნებრივია, სადგურმა უნდა გადაიხადოს ეს თანხა. ამიტომაც, რადგანაც ინვესტიციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინო და ენგურიც ამ ინვესტიციებს მუდმივად საჭიროებს, ბუნებრივია, რომ ტარიფები ეტაპობრივად უნდა გადაიხედოს.
ტარიფებში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის აუცილებელი ხარჯები, რომლითაც „ენგურჰესს“ შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით და საიმედოობით შევინარჩუნებთ. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში დენის საფასურის გადახდას, ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ მხარესთან კომუნიკაციაში არიან, მუდმივად აყენებენ ამ საკითხს. ამბობენ, რომ აფხაზურმა მხარემ მოხმარებული ენერგიის გადახდა უნდა დაიწყოს. აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი ადეკვატური არ არის და ასევე, დანახარჯების ამოღება ძალიან დაბალია.
ვერც ენგურჰესი და ვერც „ვარდნილჰესი“აფხაზეთიდან ვერაფერს ვერ იღებს, მაშინ როცა აფხაზეთში ენგურის გენერაციის თითქმის ნახევარი მიდის. აფხაზეთთან ამ თემაზე საუბარი პერმანენტულად გრძელდება, თუმცა რაიმე წარმატება ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არ აქვს.
ამ ეტაპზე, „ენგურჰესზე“ კაშხლის მონიტორინგის სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე კაშხლის ფუძის საცემენტიზაციო სამუშაოები“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ.