ენგურჰესი, რომელიც პროექტით პიკური სადგურია, ბოლო წლების განმავლობაში ბაზისურ რეჟიმში მუშაობს, რაც ეკონომიკურად და ტექნიკურად გაუმართლებელია - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და კომპანია „საქართველოს განახლებადი ენერგიების“ დირექტორი დავით მირცხულავა საუბრობს.

მისი თქმით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე „მკვდარი მოცულობის“ 440-მეტრიან ნიშნულზე გაცილებით დაბლაა ჩამოსული, რაც სისტემურ პრობლემად იქცა.

„წყლის დონე არის საკმაოდ დაბალი და ხშირ შემთხვევაში ნორმალური შეტბორვის დონეზე დაბლა მოდის. ეს არის 440-იანი ნიშნული - მკვდარი მოცულობის დონეზე უფრო დაბლა. დღესდღეობით, რამდენადაც ვიცი, იყო 411, ახლა არის 415 მეტრამდე. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ასეთ დაბალ ნიშნულებზე ენგურჰესი მუშაობდეს. ეს მუშაობა სისტემურ ხასიათს იღებს და მაღალი რისკების შემცველია აგრეგატებისთვის. ეს არამარტო არაეფექტურია, არამედ დაუშვებელია“ - აცხადებს მირცხულავა BMG-სთან.

მისი განმარტებით, ენგურჰესის მთავარი ფუნქცია პიკურ საათებში ენერგიის გამომუშავება უნდა იყოს, თუმცა რეალობა განსხვავებულია.

„სადგური არის პიკური და მას, როგორც პიკურ სადგურს, უკვე მრავალი წელია ვეღარ ვამუშავებთ. ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში ის მუშაობს, როგორც ბაზისური ან ნახევრად ბაზისური სადგური. 24 ან 18 საათი რომ მუშაობს, შედეგად ვიღებთ იმას, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ენგური ყოველთვის არის „დამუშავებული“ (წყლისგან დაცლილი).“

მირცხულავას თქმით, ეს ვითარება ქვეყანას ეკონომიკურადაც აზარალებს, რადგან საქართველოს პიკური ენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან ძვირად უჯდება.

„პიკური ენერგია საერთოდ ყველაზე ძვირად ღირებულია. მაგალითად, როცა პიკურ იმპორტს ვახორციელებთ რუსეთიდან ან თურქეთიდან, იქ ენერგია ხშირად 9 ცენტზე მეტი ღირს. ჩვენ კი გვაქვს საშუალება, ეს სადგური პიკურ რეჟიმში გამოვიყენოთ, რაც გაცილებით ეფექტური იქნებოდა“ - აცხადებს დავით მირცხულავა.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებას და განაწილების 60/40-ზე შეთანხმებას, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ეს წლებია ირღვევა.

„მრავალი წელია, მუდმივად ირღვევა ეს პროპორცია და ოკუპირებული აფხაზეთის მხარე გაცილებით მეტს იღებს. ვფიქრობ, შესაძლებელია მათთან დალაპარაკება, რადგან არ შეიძლება სადგურმა ასე გააგრძელოს არაოპტიმალურ რეჟიმში მუშაობა.“

დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ენგურჰესის, როგორც მანევრული სადგურის როლი კიდევ უფრო გაიზრდება ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის პარალელურად.

„განახლებადი ენერგიების ინტეგრაციისთვის, როგორიცაა ქარი და მზე, მანევრული სადგურების როლი უდიდესია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ენგურჰესი ოპტიმალურ მუშაობას, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის აუცილებელია. მით უმეტეს, გაცხადებულია, რომ განახლებადი ენერგიების დიდი ინტეგრაცია ხდება და ჩვენი დადგმული სიმძლავრე წელიწადში 1500 მეგავატამდე გაიზრდება“ - აცხადებს მირცხულავა.

bm.ge