მშენებლები, რომლებიც 2025 წლამდე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას ვერ ასწრებენ, შეღავათით სარგებლობა გაუხანგრძლივდებათ - ისინი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელს ისევ არ გადაიხდიან.

ცვლილება “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

მოქმედი კანონმდებლობით, დაუმთავრებელი მშენებლობები თავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისგან, იმ დათქმით, რომ ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული. კანონპროექტით კი, ეს ვადა 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.

“აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით, დაუმთავრებელი ობიექტები დღემდე სარგებლობენ ამ შეღავათით. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ეს ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ ახერხებს ობიექტის დასრულებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. აღნიშნულის მიზეზად, მათ შორის, აღსანიშნავია პანდემიის ხანგრძლივი პერიოდი”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მშენებლობის დასრულებას უამრავი დაზარალებული პირი ელოდება და შესაბამისად, ამ ობიექტების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, მიზანშეწონილია შეღავათის სარგებლობის ვადა გახანგრძლივდეს.

bp.ge