თბილისის ზღვაზე, 25 ჰა ტერიტორიაზე, პარკის მოწყობა იგეგმება. დედაქალაქის მერიამ საპროექტო დოკუმენტების შედგენისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 865 000 ლარს შეადგენს.

როგორც ტენდერის აღწერაშია ნათქვამი, პროექტის ტექნიკური დავალება გულისხმობს თბილისის ზღვის სანაპიროზე თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი, საზოგადოებისთვის ღია და დახურული მრავალფუნქციური სივრცის შექმნას, ტერიტორიის რეკრეაციულ სივრცედ განვითარების საუკეთესო დიზაინის გამოვლენას და ხედვით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების, განხორციელების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

„პროექტში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ის ძირითადი ზონები, რომლებიც საჭიროა რეკრეაციული სივრცის სრულფასოვნად ფუნქციურებისთვის:

რეკრეაციული ზონის მოწყობა;

სანაპირო ზოლის დაცვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

სპორტული და საბავშვო სივრცის მოწყობა;

კულტურული და დასასვენებელი სივრცის მოწყობა;

კომერციული და მომსახურეობის ზონა;

საზოგადოებრივი პლაჟის ზონა.

დაგეგმარების მიხედვით გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოიაზრებს ზონირებებში გასათვალისწინებელ შემდეგ ელემენტებს:

რეკრეაციული ზონა:

მწვანე ბულვარი;

გაზონები;

საპიკნიკე სივრცე.

სანაპიროს ზოლის დაცვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება:

მთავარი შესასვლელი;

საფეხმავლო ბილიკები;

მონიტორინგის შუქურა;

სერპანტინი;

პირსი (ნავების მომსახურეობისათვის და დამსვენებლებისთვის).

სპორტული და საბავშვო სივრცე : (პლაჟის და ფუნდამენტური სივრცეები)

საბავშო ატრაქციონებით აღჭურვილი ქვიშის მოედანი;

სპორტული ტრენაჟორებით აღჭურვილი ქვიშის მოედანი;

სპორტული მოედნები (სტადიონი) ქვიშის ან მყარი საფარით;

მაგიდის ჩოგბურთი;

პადელის და ჩოგბურთი მოედანი;

ტეკ ბოლი.

კულტურული და დასასვენებელი სივრცე:

პავილიონები;

საჩრდილობლები;

წიგნის სახლი;

ამფითეატრი;

სადღესასწაულო საცერემონიო სივრცე.

ინსტაგრამ სივრცეები.

კომერციული და მომსახურეობის ზონა:

საინფორმაციო კუთხე;

ღია და დახურული ტიპის კაფე;

ბუნგალოები;

სანაყინეები;

ღია ტიპის საცურაო აუზი ინტეგრირებული ღია ტიპის კაფით;

საზოგადოებრივი პლაჟის ზონა:

ღია საშხაპეები;

რეტერატი;

ქვიშის პლაჟი“, - წერია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.