საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
ხელშეკრულება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ს (CRTG) შორის გაფორმდა.
ბათუმი–სარფის ახალი გზა საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. იგი ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ქვეყნის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა. წითელი ხიდი–თბილისი–სარფის მიმართულება, შავი ზღვის პორტებთან და საქართველოს სახმელეთო საზღვრებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ქსელში. შესაბამისად, მაგისტრალის განვითარება ზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აძლიერებს ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებს შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და ევროპის მიმართულებით.
ბათუმი–სარფის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბისა და 3 ხიდის მშენებლობას. მათ შორის მოეწყობა 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა.
7.6 კმ სიგრძის ბათუმი–სარფის გვირაბი, ქვეშეთი–კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.
პროექტის განხორციელების ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 809 009 547.18 ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ბათუმი–სარფის მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის E60–E70 ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარების ერთიანი პროცესის ნაწილია. მაგისტრალის 428.35 კმ-დან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კმ.
აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სრულად განვითარება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შექმნის თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს