ბათუმი ქობულეთს 8 ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს, შესაბამისი განკარგულების პროექტი ბათუმის საკრებულოში უკვე შეტანილია.
გადაწყვეტილება ავტობუსების გადაცემის შესახებ ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე მიიღო.
2025 წელს გამოშვებული 8 ავტობუსი [მარკა – OTOKAT; მოდელი – CENTRO] თურქული კომპანიისგან – [otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi] „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2 726 400 ლარად შეისყიდა.
მიღება-ჩაბარების აქტი 2026 წლის 13 თებერვალსაა გაფორმებული.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთ დღეში, განკარგულების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიაში შევიდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2026 წლის 18 თებერვლის წერილი, რომელიც ეხება რვა ერთეული [2025 წელს გამოშვებული] ავტობუსის ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემას შემდგომში, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ გადაცემის მიზნით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა 8 ერთეული ავტობუსი.
როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს.
გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რვა ერთეული ავტობუსი შემდგომში, ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადასაცემად [შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით]“, – წერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi-ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან / ეს ავტობუსები ბათუმმა ქობულეთს უნდა გადასცეს
საკრებულოს განკარგულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთისთვის გადასაცემი ერთი ავტობუსის საბალანსო ღირებულება – 341 ათასი ლარია.
„ცნობად იქნეს მიღებული, რომ თითოეული ავტობუსის საბალანსო ღირებულებიდან 200 ლარი შეადგენს მარეგისტრირებელ ორგანოში [„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის საფასურს.
ეთხოვოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება“, – წერია განკარგულების პროექტში.
ბათუმი ქობულეთს 8 ახალ ავტობუსს იმ ფონზე გადასცემს, როცა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის დეფიციტია, ამასთან ბათუმში მგზავრობის ფასი მერიამ 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაზარდა.