თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე საფეხმავლო ტურისტული ბილიკების ქსელის და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა ბაზრის კვლევიდან, რომელსაც მერია პროექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ატარებს.
დოკუმენტების მიხედვით, საფეხმავლო ბილიკების საერთო სიგრძე 7 კილომეტრი იქნება. ბაგების ტერიტორიაზე მოსაწყობ საფეხმავლო ბილიკის ქსელს სამი შესასვლელი უნდა ჰქონდეს - წყნეთის გზატკეცილიდან, კაკლების დასახლებიდან და ზურაბ საკანდელიძის ქუჩიდან.
„წყნეთის გზატკეცილიდან შემავალი საფეხმავლო ბილიკი, 150 მეტრის გავლის შემდეგ, სერპანტინის მეშვეობით, მიდის ჯერ ზურაბ საკანდელიძის ქუჩიდან შემომავალ ბილიკთან აქედან, გზად გაივლის პანორამულ გადასახედს, რომელიც გადაჰყურებს მდ. ვერეს ხეობასა და ბაგების ტერიტორიას, ხოლო შემდეგ მიემართება წყნეთის გზატკეცილის შემოსასვლელისკენ.
კაკლების დასახლების შემოსასვლელიდან ბილიკი იყოფა ორად, ერთი მიდის პანორამული გადასახედისკენ, მეორე გრძელდება წყნეთის გზატკეცილის შემოსასვლელისკენ.
ზურაბ საკანდელიძის ქუჩიდან ბილიკი ერწყმის წყნეთის გზატკეცილიდან ამომავალს და ერთობლივად გრძელდება სამხრეთის მიმართულებით. ბილიკი სერპანტინების მეშვეობით ადის პანორამულ გადასახედთან, საიდანაც მიემართება კაკლების დასახლების შემოსასვლელისკენ“, - აღნიშნულია ტექნიკური დავალების დოკუმენტებში.
რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტების თანახმად, ბაგების საფეხმავლო ტურისტული ბილიკების მონიშვნა და ობიექტების მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.