საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ქსელთან დაკავშირების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი ითვალისწინებს ტერიტორიისთვის მისასვლელი საავტომობილო გზების შესაძლო მიმართულებების კვლევასა და შემდგომი დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. პროექტის მიზანია არსენალის მთასთან რამდენიმე მიმართულებიდან უსაფრთხო და ეფექტიანი საგზაო კავშირების შექმნა, რაც სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილებასა და თბილისის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას უნდა შეუწყოს ხელი.
კონსულტანტმა არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების სხვადასხვა ვარიანტი უნდა შეისწავლოს. მათ შორის განიხილება სამტრედიისა და ჩრდილოეთის მიმართულებებთან დაკავშირების შესაძლებლობები, თუმცა კვლევა სხვა ალტერნატიულ მარშრუტებსაც მოიცავს.
მარშრუტების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები. ასევე ჩატარდება სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, შეფასდება მგზავრობის დრო, საგზაო უსაფრთხოება და პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობა.
სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განისაზღვრება შესაძლო ალტერნატივები და შეირჩევა ოპტიმალური მიმართულება. მიღებული შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეორე ეტაპის დაწყების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მეორე ეტაპი შერჩეული მიმართულებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. დოკუმენტაცია მოიცავს საინჟინრო კვლევებს, საპროექტო ნახაზებს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, ასევე გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს.