ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირებას იწყებს.

პროექტის მიზანია  ქალაქის ცენტრში მოეწყოს თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა  და ვიზიტორებისთვის შექმნის  ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული ღონისძიებებისათვის კომფორტულ გარემოს.

პროექტის მიხედვით, ახალციხის ცენტრალურ პარკში უნდა მოეწყოს  საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი.

ასევე, გათვალისწინებული იქნება პარკის ტერიტორიაზე საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლების და შადრევნების მოწყობა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება გარე განათების, წყალმომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობისა  და უსაფრთხოების სისტემები.

პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალციხის ცენტრალური პარკის ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობას და ეკო-მასალების დანერგვას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს