სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში არ არსებობს „ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი“.
აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აუდიტი ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას ასახელებს, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.„ აღნიშნული პროცესის არარსებობა კი ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების შესაძლებლობებს“.
ამასთან, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება; არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზა.
„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მოქმედი ვერსია საჭიროებს განახლებას, რადგან დოკუმენტში უფლებამოსილებები გაწერილია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ან გაუქმებულია, ან სხვა სახელწოდებით და სტრუქტურით აგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული სისტემის სუბიექტებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში, არაეფექტიანი თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების არასათანადო მართვა.“ – წერია აუდიტის დასკვნაში.
ამავე დასკვნის მიხედვით საქართველოში მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები.
„გაუმართავია ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით. ამასთანავე, შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა ადრეული გაფრთხილების პროცესებში. მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების გამოყენების ფორმალიზებული და თანმიმდევრული პრაქტიკა, რაც განაპირობებს ბუნებრივი კატასტროფების რისკების არასათანადო შეფასებას და არაინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.“ – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მომწესრიგებელი დოკუმენტები [კომუნიკაციის სტრატეგიები, პროტოკოლები, მემორანდუმები], რომლებიც განსაზღვრავს ინფორმაციის მიმოცვლის პროცესებს, არ აქვთ.
ასევე, არ არსებობს სამეცნიერო და ტექნიკურ ექსპერტებთან მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის [ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესახებ მონაცემების და ინფორმაციის სიზუსტით შეფასებისთვის] განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის ანგარიში“ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა და ის 2025 წლის 11 აპრილს გამოაქვეყნა.
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „უკანასკნელ ათწლეულებში, საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია, რასაც ეკონომიკურ ზარალთან ერთად, ხშირად ადამიანური მსხვერპლიც მოსდევს… ყველაზე მთავარ პრობლემად კი გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვაში არსებული ხარვეზები განისაზღვრა.“
აუდიტი რეკომენდაციას აძლევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, უზრუნველყოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც, მათ შორის, განსაზღვრავს სისტემის მონაწილე სუბიექტების როლებს, პასუხისმგებლობებს, უწყებებს შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმებს.“
აუდიტი აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ადრეული გაფრთხილების სისტემების [EWS] შექმნისა და ფუნქციონირების პროცესებში, რათა იცოდნენ სწორედ იმ საფრთხეებისა და მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ, რომელიც მათ მოწყვლადს ხდის. ამასთანავე, მათ უნდა შეეძლოთ ზომების მიღება ზიანის მინიმიზაციისათვის.
აუდიტი იშველიებს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც „მეტეოროლოგია და გარემოზე დაკვირვების სისტემა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება“ და რომ „ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“.
აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში. კერძოდ, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენციას, მათთვის მზადებას და მათზე რეაგირებას.
„მთავრობა პასუხისმგებელია ხელი შეუწყოს ადრეული გაფრთხილებისა და სხვა ტექნიკური სისტემების განვითარებას. ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, მთავრობა უნდა თანამშრომლობდეს რეგიონულ და საერთაშორისო მთავრობებთან და სააგენტოებთან. მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანია მათი საოპერაციო შესაძლებლობების განსავითარებლად.“ – წერს აუდიტი დასკვნაში.
ამავე დასკვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებულია ქვეყნის მიერ შესასრულებელი ამოცანები, მათ შორის „კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური შემთხვევების და გარემოსთან დაკავშირებული სტრესებისა და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა“, თუმცა, „ამ ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელ წამყვან უწყებად განსაზღვრულია სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რომელიც ამ სახელწოდებით არ არსებობს… აუდიტის შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი“.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მეტეოროლოგიური პირობები და გარემოზე მაღალი ანთროპოგენური ზეწოლა ქმნის პირობებს ისეთი კატასტროფების განვითარებისთვის, როგორებიცაა: ზვავი, მეწყერი, მდინარის მიერ ნაპირების გარეცხვა, წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, ეროზია, ძლიერი ქარი, ბუნებრივი ხანძრები და სხვ. ამ კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების უზრუნველსაყოფად კი „მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილებების გამართული სისტემის არსებობა და ამ მიზნით ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ეფექტიანი გამოყენება.“
„ქვეყანაში არ არის შემუშავებული/განახლებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.
ამ დოკუმენტების არარსებობა/განუახლებლობა წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს EWS-ის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობისთვის.“ – ასკვნის აუდიტი.
წყარო:"ბათუმელები"