3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის მგზავრობის დრო 5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. ამ ცვლილების ფარგლებში „საქართველოს რკინიგზა“ გურიის მონაკვეთზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების დანერგვას გეგმავს და 25 სარკინიგზო გადასასვლელზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობისთვის 107,380 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
შესყიდვის ობიექტია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა თანმდევი მომსახურებით - მათ შორის მონტაჟი, კონფიგურაცია და ექსპლუატაციაში გაშვება. ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 27 ივლისიდან 3 აგვისტომდეა განსაზღვრული.
„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შესყიდვის საჭიროება უკავშირდება გურიის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის პროექტს. კომპანიის განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში იზრდება უსაფრთხოების დამატებითი კონტროლის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი სარკინიგზო გადასასვლელებზე.
„მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება რისკების პრევენციას“, - აღნიშნულია შესყიდვის დასაბუთებაში.
კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 25 სარკინიგზო გადასასვლელზე ვიდეომონიტორინგის ინფრასტრუქტურის მოწყობა. თითოეულ გადასასვლელზე ორი კამერა განთავსდება, შესაბამისად პროექტი ჯამში 50 ვიდეოკამერის მონტაჟს ითვალისწინებს. სისტემის მეშვეობით გადასასვლელებზე არსებული მდგომარეობა ოპერატიულად უნდა გადაეცეს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი მატარებლების მემანქანეებს პლანშეტების საშუალებით.
„საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნავს, რომ ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზანი შესაძლო რისკების პრევენცია და ნებისმიერ საგანგაშო სიტუაციაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის გამოყენების მიზეზად გადაუდებელი აუცილებლობა სახელდება. კომპანიის განმარტებით, 2026 წლის 29 აპრილიდან გურიის მონაკვეთზე დაიწყო სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების მოთხოვნების ადაპტირება გახდა საჭირო.
რკინიგზის ცნობით, სრული მასშტაბის ვიდეომონიტორინგის პროექტის მომზადების პროცესში ტექნიკური საკითხები გამოვლინდა, რის გამოც 2026 წლის 1 ივნისს ძირითადი შესყიდვის პროცესი დროებით შეჩერდა.
„სრული პერიმეტრის ვიდეო მონიტორინგის გრძელვადიან პროექტზე, საპროექტო დოკუმენტაციისა და შესყიდვის პირობების დეტალური განხილვისას გამოვლინდა სპეციფიკური ტექნიკური შეუსაბამობები“, - აცხადებს კომპანია.
ამის შემდეგ „საქართველოს რკინიგზამ“ დაიწყო დროებითი, ლოკალური ვიდეომონიტორინგის სისტემის პროექტის შემუშავება კრიტიკულ წერტილებზე. კომპანიის განმარტებით, 10 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით, გადასასვლელებზე დროებითი სისტემა დაჩქარებული წესით დანერგილიყო.
„ვინაიდან სტანდარტული ტენდერის პროცედურები მოითხოვს მნიშვნელოვან დროს, ხოლო უსაფრთხოების ზომების გადავადება ყოველდღიურად ზრდის მძიმე ინციდენტების რისკს, დადგა გადაუდებელი აუცილებლობა აღნიშნული ლოკალური სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებისა“, - ნათქვამია შესყიდვის დასაბუთებაში.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 ვიდეოკამერა, ორი ქსელური ჩამწერი მოწყობილობა, 25 კომუტატორი PoE მხარდაჭერით, 25 მედიაკონვერტორი, ასევე შესაბამისი საკაბელო და ელექტრო ინფრასტრუქტურა.
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, შესასყიდი რაოდენობები მხოლოდ კრიტიკული საჭიროებებითაა განსაზღვრული და არ მოიცავს დამატებით ან სარეზერვო რესურსებს. მოცულობა შეესაბამება 25 სარკინიგზო გადასასვლელის ტექნიკურ მოთხოვნებს.
კომპანიის შეფასებით, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის დროის შემცირების პროექტი დაკავშირებულია როგორც სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებასთან, ისე უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებასთან. „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება წარმოადგენს როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრიორიტეტს.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოს რკინიგზა გურიის მონაკვეთზე ახორციელებს არის რკინიგზის გასწვრივ ღობის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც გამარტივებული წესით 7000 ბოძის და 7000 პანელის შესყიდვა მოხდა. ღობემ უნდა უზრუნველყოს მაგისტრალის ქვეითი მოსიარულეებისგან, ასევე პირუტყვისგან დაცვა.
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანას Stadler Kiss-ის მოდელის ოთხი ერთეული შემადგენლობით ახორციელებს. აღნიშნული მატარებლები საქართველოს რკინიგზამ 2016 წელს შეიძინა და მათი მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრ საათს შეადგენს, თუმცა საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მაქსიმალური სიჩქარე 120 კილომეტრია და ისიც მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე. სიჩქარის გაზრდის პროექტი ითვალისწინებს როგორც ხაშური-სურამი-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი ხაზით უღელტეხილის მონაკვეთის უფრო მოკლე დროში გავლას, ასევე გურიის რეგიონში უსაფრთხოების ზომების ზრდას რაც მატარებლის გადაადგილების სიჩქარის მატებას ხდის შესაძლებელს.