ბიზნესმენმა ელგუჯა ქებურიამ და დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის შვილმა ვაკეში სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობა აუქციონზე 27 მლნ ლარად იყიდეს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე რამდენჯერმე გამოიტანა. აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარი იყო, აუქციონის ბიჯი კი 10000 ლარს შეადგენდა. ქონების შესაძენად 2 მსურველი იბრძოდა, რომლებმაც უპრეცედენტო რაოდენობის, 1908 ბიჯი დააფიქსირეს და საბოლოოდ ქონება 27 033 000 ლარად გაიყიდა.

„ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, - ნათქვამია აუქციონის პირობებში.

თბილისის ცენტრში არსებული უძრავი ქონება, შპს „დელუქს ფროფერთიმ“ იყიდა, რომელსაც შპს „კაპიტალ ჰოლი“ ფლობს. თავის მხრივ შპს „კაპიტალ ჰოლის“ მფლობელია საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ელგუჯა ქებურია (30%) და გიგი გოცირიძე (70%). გიგა გოცირიძე მილიონერი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის შვილია, რომელიც „ჩაჩავას კლინიკის“ აქციების ფლობს.

ელგუჯა ქებურია კი საქართველოში „ამბასადორის“ სასტუმროების ქსელის და ღვინის ქარხნის მფლობელია. გარდა ამისა, ქე­ბუ­რი­ას ბიზ­ნე­საქ­ტი­ვე­ბი აქვს რუ­სეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში. მოს­კოვ­ში მისი სა­კუთ­რე­ბაა ბიზ­ნეს­ცენ­ტრი, სას­ტუმ­რო „ქე­ბურ პა­ლა­სი“, რეს­ტორ­ნე­ბი „ტიფ­ლი­სი“, „თა­ვა­დი ბაგ­რა­ტი­ო­ნი“ და „ტიფ­ლის­კი დვო­რი“, პა­რიზ­ში კი რეს­ტო­რანი „ქარ­თუ­ლი სახ­ლი“.